2025 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის მშენებლობისთვის გამოიყოფა 70,0 მლნ ლარი, ხოლო 21 მლნ ლარი გათვალისწინებულია თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობისათვის საჭირო კვლევების დასაფინანსებლად.
მთავრობის პროგრამაში, რომელიც 2025-2028 წლებში მთავრობის გეგმებს მოიცავს წერია, რომ დაგეგმილია თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა ვაზიანის ყოფილ სამხედრო აეროდრომზე, რომელსაც ექნება შესაძლებლობა, მოემსახუროს ნებისმიერი ზომის საჰაერო ხომალდს და საქართველოს შესძენს „რეგიონული ჰაბის“ ფუნქციას. ახალი საერთაშორისო აეროპორტი შესაძლებლობას მოგვცემს, თბილისის არსებული აეროპორტის გამტარუნარიანობა 5 მლნ მგზავრიდან ეტაპობრივად გავზარდოთ 20 მლნ მგზავრამდე.
ასევე, გაუმჯობესდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურა. განხორციელდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი 3,5 კმ სიგრძის ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სხვა სააეროდრომოინფრასტრუქტურის მშენებლობა, რისთვისაც, ჯამში, 240 მილიონი ლარი გამოიყოფა. პროექტის დასრულების შემდეგ, ქუთაისის აეროპორტს შესაძლებლობა ექნება, მოემსახუროს როგორც სამგზავრო, ისე სატვირთო რეისებს. ამასთან, გაფართოვდება ქუთაისის აეროპორტის ტერმინალი, რაც საშუალებას მოგვცემს, აეროპორტის გამტარუნარიანობა 1.7 მლნ მგზავრიდან გავზარდოთ 5 მლნ მგზავრამდე.
დაგეგმილია თელავის აეროპორტის მშენებლობა, რომლის ფარგლებში, აშენდება ახალი სამგზავრო ტერმინალი, სრულად განახლდება აეროდრომი და ასაფრენი ზოლი. პროექტი საშუალებას მისცემს კახეთის რეგიონს, კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს ტურისტებისთვის.
დასრულებულია მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტზე მუშაობა, რომლის ფარგლებში, 2025 წელს დაიწყება ტერმინალის სამშენებლო სამუშაოები, რაც რამდენჯერმე გაზრდის აეროპორტის გამტარუნარიანობას.