საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციამ (IATA) 2025 წლის შემაჯამებელი ანგარიში გამოაქვეყნა. მონაცემების მიხედვით, გასულ წელს მსოფლიო ავიაციამ ზრდის სტაბილური ტემპი აჩვენა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ დარგი პოსტპანდემიური ნახტომის შემდეგ თავის ისტორიულ, ბუნებრივ ზრდის ტრენდს დაუბრუნდა.

2025 წელს ავიაკომპანიების მგზავრბრუნვა 5.3%-ით გაიზარდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია თვითმფრინავების შევსების კოეფიციენტი (Load Factor), რომელმაც რეკორდულ ნიშნულს — 83.6%-ს მიაღწია.

იმავდროულად, საერთაშორისო რეისების ზრდამ 7.1% შეადგინა, ხოლო შიდა რეისების ზრდა შედარებით ზომიერი იყო და 2.4%-ით გაიზარდა.
2025 წელს საავიაციო ბაზარი ყველაზე აქტიურად აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში განვითარდა. უფრო კონკრეტულად, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში მგზავრთნაკადი 7.8%-ით გაიზარდა, ევროპაში ზრდამ 5.3% შეადგინა. ჩრდილოეთ ამერიკაში დაფიქსირდა მინიმალური ზრდა – 0.4%.
საინტერესოა შიდა ბაზრების დინამიკაც. ბრაზილიაში ტრაფიკი 11.1%-ით გაიზარდა, ინდოეთში – 5.2%-ით, ჩინეთში კი – 4.7%-ით. ამ ფონზე, აშშ-ის შიდა ბაზარზე მცირედი კლება (-0.6%) დაფიქსირდა.

სამგზავრო გადაყვანების პარალელურად, 3.4%-ით გაიზარდა სატვირთო გადაზიდვებიც.

IATA-ს გენერალური დირექტორის, უილი უოლშის განცხადებით, ამის მთავარი მამოძრავებელი ძალა გლობალური ელექტრონული კომერციის განვითარებაა. აღსანიშნავია, რომ ამ სექტორზე უარყოფითი გავლენა ვერ მოახდინა აშშ-სა და სხვა ქვეყნებს შორის სავაჭრო დაძაბულობამ და გაზრდილმა საბაჟო ტარიფებმაც კი.

IATA-ს მოლოდინით, 2026 წელს ზრდის ტემპი ოდნავ შენელდება და 2.4%-ს შეადგენს, რაც სრულ შესაბამისობაში იქნება ინდუსტრიის გრძელვადიან ისტორიულ ტენდენციებთან.