საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციამ (IATA) 2025 წლის უსაფრთხოების ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ფრენა კვლავ რჩება შორეული მგზავრობის ყველაზე უსაფრთხო ფორმად. ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, უილი უოლშის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საავიაციო შემთხვევები უკიდურესად იშვიათია, თითოეული მათგანი ინდუსტრიისთვის დამატებითი სტიმულია გლობალური სტანდარტების კიდევ უფრო დასახვეწად. მონაცემების თანახმად, 2025 წელს ყოველ მილიონ ფრენაზე საშუალოდ 1.32 ინციდენტი დაფიქსირდა, რაც 2024 წლის მაჩვენებელზე (1.42) უკეთესი შედეგია.
გასულ წელს მსოფლიო მასშტაბით განხორციელებული 38.7 მილიონი ფრენიდან სულ 51 საავიაციო შემთხვევა მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ ინციდენტების საერთო რაოდენობა შემცირდა, გაიზარდა ფატალური შემთხვევებისა და მსხვერპლის მაჩვენებელი — დაფიქსირდა 8 ტრაგიკული შემთხვევა 394 დაღუპულით, რაც აღემატება წინა წლისა და ბოლო ხუთი წლის საშუალო მონაცემებს.
რეგიონული ჭრილში ვითარება განსხვავებულია: უსაფრთხოების მხრივ მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში, ასევე აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში. აფრიკამ, მიუხედავად იმისა, რომ კვლავ ინარჩუნებს ინციდენტების ყველაზე მაღალ კოეფიციენტს, საგრძნობ პროგრესს მიაღწია. ამავდროულად, შემთხვევების მატება დაფიქსირდა ჩრდილოეთ ამერიკასა და დსთ-ს ქვეყნებში, სადაც მაჩვენებლები ხუთწლიან საშუალო ნიშნულს გასცდა. ევროპაში ინციდენტების რაოდენობა შემცირდა, თუმცა რეგიონი მაინც რჩება საშუალო სტატისტიკურზე მაღალ ნიშნულზე.












