ACI World-ის ანგარიშის (“World Airport Traffic Report”) მიხედვით, 2025 წელს მსოფლიოს აეროპორტებში გლობალური სამგზავრო ნაკადი 9.8 მილიარდ ადამიანს მიაღწევს, რაც წინა წელთან შედარებით 3.7%-იანი ზრდაა. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მსოფლიო საჰაერო გადაზიდვები აგრძელებს ზრდას, მიუხედავად გეოპოლიტიკური მოვლენების, არასტაბილური ეკონომიკური სიტუაციისა და რეგიონული თავისებურებებისა.
ტრაფიკის ზრდას ძირითადად განაპირობებს განვითარებადი საავიაციო ბაზრები, როგორიცაა აფრიკა, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი, ახლო აღმოსავლეთი და ლათინური ამერიკა. ეს გამოწვეულია მოგზაურობაზე მოთხოვნის ზრდითა და ბიუჯეტური ავიაკომპანიების შეთავაზებების გაფართოებით.
აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი: მგზავრთა რაოდენობა 3.6 მილიარდს მიაღწევს (+5.6%), ზრდა ძირითადად სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაზე მოდის.
ახლო აღმოსავლეთი: მგზავრთა რაოდენობა 466 მილიონს მიუახლოვდება (+5.9%), რასაც ხელს უწყობს ტურიზმში განხორციელებული ინვესტიციები. თუმცა, გეოპოლიტიკური არასტაბილურობის რისკები რჩება.
აფრიკა: მგზავრთა ნაკადი სავარაუდოდ 273 მილიონ ადამიანს შეადგენს (+9.4%). მაღალი მაჩვენებლები უკავშირდება ტურიზმისა და საშუალო კლასის შემოსავლების ზრდას.
განვითარებული საავიაციო ბაზრები, მათ შორის ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკა, გარკვეულ სირთულეებს აწყდებიან, რაც გამოწვეულია გეოპოლიტიკური დაძაბულობით, დემოგრაფიული ცვლილებებით (მოსახლეობის დაბერებით) და ტურიზმის სფეროში ახალი მოთხოვნებით (მაგალითად, სავიზო რეჟიმი).
ევროპა: გეოპოლიტიკური რისკებისა და დემოგრაფიული ცვლილებების მიუხედავად, გადაზიდვების მოცულობა 2.5 მილიარდს გადააჭარბებს (+3.6%). აღსანიშნავია, რომ რკინიგზის ტრანსპორტის პოპულარობის გამო, შიდა რეისები საერთაშორისო რეისებს ჩამორჩება.
ანგარიში დაფუძნებულია მსოფლიოს 185 ქვეყნის 2800-ზე მეტი აეროპორტის მონაცემებზე.












