საერთაშორისო კვლევითმა კომპანია OAG-მ მიმდინარე წლის ყველაზე დატვირთული საჰაერო მიმართულებების სია გამოაქვეყნა.

ფრენებზე ადგილების რაოდენობით მსოფლიოში პირველი ადგილი ჰონგ-კონგი-ტაიპეის მარშრუტმა დაიკავა (6,8 მილიონი ადგილი), მეორეზე კაირო-ჯიდა (5,5 მილიონი ადგილი), ხოლო მესამეზე ადგილზე სეული-ტოკიოა (5,4 მილიონი ადგილი).

გლობალური ტოპ 10-ში თითქმის ყველა ადგილი დაიკავა საჰაერო მარშრუტებმა შუა და შორეული აღმოსავლეთის, სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებს შორის. ევროპა და ამერიკა წარმოდგენილია მხოლოდ ერთი მარშრუტით – ნიუ-იორკი-ლონდონი (4 მილიონი ადგილი), რომელმაც მეათე ადგილი დაიკავა.

შიდა მარშრუტებს შორის, სამხრეთ კორეის ჯეჯუ-სეულის მარშრუტმა დიდი სხვაობით პირველი ადგილი დაიკავა –  14,2 მილიონი ადგილით. მეორე ადგილზეა შიდა მარშრუტი საუდის არაბეთში, ჯედა-რიადი (8,7 მილიონი ადგილი), მესამეზე კი კოლუმბიური მარშრუტი ბოგოტა-მედელინი (6,6 მილიონი ადგილი).

აფრიკაში ყველაზე დატვირთული შიდა მარშრუტი იყო კეიპტაუნი-იოჰანესბურგი (5,1 მილიონი ადგილი), ჩრდილოეთ ამერიკაში – ვანკუვერ-ტორონტო (3,5 მილიონი), ევროპაში – ბარსელონა-პალმადე მაიორკა (2,9 მილიონი ადგილი).