თურქეთმა შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო მოიცვა თავისი ინოვაციური არქეოლოგიური აღმოჩენებით. მან გათხრების შედეგად გამოავლინა და ახლაც ავლენს ათასობით წლის წინანდელი ცხოვრების კვალს.
აღსანიშნავია, რომ არქეოლოგიური გათხრების რაოდენობა ქვეყანაში თავდაპირველად, 2023 წელს 720-მდე იყო, 2024 წელს 765-მდე გაიზარდა, ახლა კი მიზნად აქვთ დასახული, რომ 2026 წლისთვის ეს რაოდენობა 800-ს მიაღწევს. 2024 წელი თურქეთის არქეოლოგიის ოქროს ხანად ითვლება.
წარმოგიდგენთ თურქეთის წლის ყველაზე გასაოცარი არქეოლოგიური აღმოჩენების სიას:
• 4000 წლის ბეჭედი ქუთაჰიაში (Kütahya): ასურეთის სავაჭრო კოლონიების პერიოდის ფაიანსის ცილინდრიანი ბეჭდების პირველი ნიმუში, რომელიც ადრე მხოლოდ ცენტრალური ანატოლიის მთავარ სავაჭრო ცენტრებში – ქულთეფესა (Kültepe) და აჩემჰოიუქში (Acemhöyük) იყო აღმოჩენილი, ახლა ნაპოვნია დასავლეთ ანატოლიაშიც, თავშანლის მთაზე, ქუთაჰიაში. აღნიშნული 4000 წლის ბეჭედი ადასტურებს ძველად სავაჭრო გზების არსებობას ანატოლიის აღმოსავლეთ და დასავლეთ მხარეებს შორის.
• მინოსური ხანჯალი ანტალიაში: ანტალიის ქუმლუჯას (Kumluca) რაიონში ჩატარებული წყალქვეშა გათხრების დროს, 50 მეტრის სიღრმეზე აღმოჩენილია მინოსური სტილის ბრინჯაოს ხანჯალი ვერცხლის მოქლონებით. აქამდე მსგავსი ტიპის ხანჯალი მხოლოდ კუნძულ კრეტაზე იყო აღმოჩენილი.
• 7800 წლის ქალის ფიგურა იზმირში: ძვ.წ. 5800-5900 წლებით დათარიღებული ქალის ფიგურა აღმოაჩინეს დასავლეთ იზმირის პროვინციის ქემალფაშას (Kemalpaşa) რაიონში. 7800 წლის წინანდელ ფიგურას აქვს გამოკვეთილი პირი, რაც არქეოლოგებს აფიქრებინებს, რომ ის წარმოადგენს მეზღაპრე ქალს.
• მანასკერტის ბრძოლის ისრისპირები: გათხრების შედეგად აღმოჩენილია 1071 წელს გამართული მანასკერტის ბრძოლის 39 ისარი. ამ ბრძოლაში თურქებმა დაამარცხეს აღმოსავლეთ რომის იმპერია და შევიდნენ ანატოლიაში, რა დროსაც იმპერატორ რომანოზ IV დიოგენესი ტყვეს ჩაიგდეს. სწორედ ამ იმპერატორის ამსახველი მონეტებიც იქნა ნაპოვნი გათხრების პერიოდში, რაც ადასტურებს, რომ ეს ისრები ნამდვილად ამ ბრძოლაში გამოყენებული ისრებია.
• ავეჯის უძველესი სავაჭრო სია ჰათაიში: ჰათაიში, აჩჩანას ნანგრევებში ნაპოვნია ბრინჯაოს ხანის ლურსმული დამწერლობა. ხელნაწერებში იდენტიფიცირებულია ავეჯის საყიდლების ვრცელი სია, მათ შორის უამრავი მაგიდა და სკამი. იგი ერთის მხრივ გვიჩვენებს ავეჯის ხელოსნობის განვითარებას ბრინჯაოს ხანაში.
• ელინისტური Hygieia-ს ქანდაკების თავი და ფერადი სკილას ქანდაკებები დენიზლიში: გასულ წელს არქეოლოგებმა აღმოაჩინეს 2100 წლის Hygieia-ს ქანდაკების თავი სამხრეთ-დასავლეთ თურქეთის უძველეს ქალაქ ლაოდიკეიაში, დენიზლის რაიონში. Hygieia ასევე ცნობილია როგორც ჯანმრთელობის ქალღმერთი. იგი ასახავს კლასიკური ხელოვნების აღორძინებას გვიანდელ ელინისტურ და იმპერატორი ავგუსტუსის (ძვ. წ. 27 – ახ. წ. 14) იმპერატორობის პერიოდში. ასევე აღმოჩენილია სკილას ქანდაკებები, რომელიც ძველ ბერძნულ მითოლოგიაში ზღვის ურჩხულია.
• სურსათის კერა ყარსში: ყარსში, უძველეს ქალაქ ანიში ჩატარებულმა გათხრებმა, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი, აღმოჩენილია სელჩუკთა პერიოდით (ახ. წ. XI-XII სს.) დათარიღებული კერა (საწყობი). კერა შეიცავს რვა დიდ კონუსის ფორმის თიხის ქილას, თითოეული დაახლოებით 1,5 მ სიმაღლისა და დიამეტრით 50 სმ-ის.
• ურარტული სამხედრო ტექნიკა ვანში: ვანის თუშბას რაიონში აიანისის ციხეზე ჩატარებული გათხრების შედეგად აღმოჩენილ იქნა სამხედრო ტექნიკა. ამით ფაქტობრივად, გამოვლინდა ურარტუს ლითონის დამუშავების მრავალფეროვნება და ოსტატობის დონე.
• ზევსის ქანდაკების თავი აიდინში: აიდინის უძველეს ქალაქ აფროდიზიაში აღმოაჩინეს ზევსის თავი. იგი დამზადებულია მარმარილოს ერთი ბლოკისგან, რომელიც თარიღდება ჩვ. წელთაღრიცხვით II და III საუკუნეებით.
• სასოფლო-სამეურნეო საგანძური ქაჰრამანმარაშში: არქეოლოგებმა ქაჰრამანმარაშში, აფშინის რაიონში აღმოაჩინეს სასოფლო-სამეურნეო საგანძური, მარცვლეულები – თითქმის 21 კილოგრამი მუხუდო, ორი სხვადასხვა სახის ხორბალი, გარგარი და მარცვლეული. აღმოჩენები გვაწვდის ინფორმაციას რეგიონის უძველესი სასოფლო-სამეურნეო სიმდიდრისა და მრავალფეროვნების შესახებ.
• შანლიურფაში მოძრავი ცხოველის პირველი გამოსახულება: ქარაჰანთეფე არის მნიშვნელოვანი ნეოლითური ადგილი, რომელიც გათხრილ იქნა შანლიურფაში Stone Hills-ის პროექტის ფარგლებში, 2023 წელს. არქეოლოგებმა ამ ადგილას ქვის ფილაზე ველური ვირის მოჩუქურთმებული ფიგურა აღმოაჩინეს. ფიგურა გამოირჩევა თავისი დინამიური ფორმით, რომელიც ასახავს იმ პერიოდის მხატვრულ სტილს.
• პირველი მილეფიორის პანელი ანტალიაში: ანტალიაში, დემრეს რაიონში, მირას პორტის დასახლებაში არქეოლოგებმა აღმოაჩინეს მრავალი გასაოცარი ინტერიერის დეკორაციის პანელი, უძველესი “Millefiori” (იგულისხმება ათასი ყვავილი). ძირითადად ეს პირველი შემთხვევაა, როცა მსგავსი დეკორაციული მასალები იქნა აღმოჩენილი თურქეთში.
• აპოლონის საკურთხეველი ანტალიაში: ძველ ქალაქ ფასელისში, რომელიც მდებარეობს ანტალიაში, ქემერის რაიონში, აღმოჩენილია საკურთხევლის სტრუქტურა, რომელიც, სავარაუდოდ, აპოლონს ეძღვნებოდა. ასევე აღმოაჩინეს მამაკაცისა და ლომის ქანდაკებები, რომლებიც თარიღდება ძვ.წ. VII-VI საუკუნეებით.
თურქეთის არქეოლოგიის ოქროს ხანა
2024 წელს თურქეთში მოსანახულებელ ადგილებს შორის ტურისტებისთვის გამორჩეული იყო ეფესო და იერაპოლისი. მითუმეტეს, მათი მონახულება ღამეც იყო შესაძლებელი, რადგან ყველგან განათებული იყო შენობები. 2024 წელს ყველაზე პოპულარული თურქული მუზეუმების სამეული გამოიყურებოდა ასე – მევლანას მუზეუმი კონიაში, რესპუბლიკის მუზეუმი ანკარაში და გალათას კოშკი სტამბოლში. სტატისტიკურად მევლანას მუზეუმმა ამ წელს 2 2,634,355 ვიზიტორს უმასპინძლა, რესპუბლიკის მუზეუმმა 806 883-ს, გალათას კოშკმა კი 677 048 ვიზიტორს, ასევე სტამბოლის არქეოლოგიურმა მუზეუმმა 507 700 ვიზიტორს. მეორეს მხრივ, ყველაზე მეტად მონახულებადი არქეოლოგიური ადგილები იყო იზმირის ეფესოსის არქეოლოგიური ადგილი 2,626,753 ვიზიტორით, დენიზლის იერაპოლისის (ფამუქქალე) არქეოლოგიური ადგილი 2,372,395 ვიზიტორით, ნევშეჰირ გორემეს (Nevşehir Göreme) არქეოლოგიური ადგილი 1,084,870 ვიზიტორით, ნევშეჰირ ზელვეს ფაშაბაღლარის (Nevşehir Zelve Paşabağlar) არქეოლოგიური ძეგლი 906,110 ვიზიტორით და შანლიურფაში გობექლითეფეს არქეოლოგიური ადგილი 709,643 ვიზიტორით.