2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავალმა 1.9 ტრილიონი დოლარი შეადგინა, რაც 3%-ით მეტია 2023 წლის მაჩვენებლებთან შედარებით და 4%-ით მეტი ვიდრე პანდემიამდელი დონე იყო. ამასთან, საზღვარგარეთ მოგზაურობის საშუალო ღირებულება $1,1 ათასამდე დაეცა, იტყობინება გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია.

საერთაშორისო ტურისტული შემოსავლების ყველაზე სწრაფი ზრდა დაფიქსირდა ქუვეითში (+232%), ელ სალვადორში (+206%), საუდის არაბეთში (+148%), ალბანეთში (+136%) და სერბეთში (+98%). 2019 წელთან შედარებით მოგების ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა დიდ ბრიტანეთში (+40%), ესპანეთში (+36%), საფრანგეთში (+27%) და იტალიაში (+23%).

ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, ზრდის ტემპების სტაბილიზაციასთან ერთად, საერთაშორისო მოგზაურობის საშუალო ხარჯები თანდათან უბრუნდება პანდემიამდელ დონეს: 2020 და 2021 წლებში თითქმის 1400 დოლარიდან 1 მგზავრობაზე 1100 დოლარამდე 2024 წელს.

ექსპერტები ასევე აღნიშნავენ, რომ 2024 წელს საერთაშორისო ტურისტული მოგზაურობების რაოდენობა 2019 წელთან შედარებით 99%-ით აღდგა.

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ განაცხადა, რომ 2024 წელს მთელ მსოფლიოში 1,4 მილიარდმა ადამიანმა იმოგზაურა ქვეყნებს შორის და ამ მაჩვენებლით საერთაშორისო ტურიზმის სექტორმა გადალახა თავისი ისტორიის ყველაზე მძიმე კრიზისი – კოვიდ-19-ის პანდემიის პერიოდი (2020-2021).

„გლობალურმა ტურიზმმა 2024 წელს დაასრულა პანდემიის შემდგომი აღდგენის პროცესი. გასული წლის მონაცემებით, ბევრ ადგილას ტურისტების ჩამოსვლები და განსაკუთრებით შემოსავლები 2019 წელთან შედარებით უფრო მაღალია“, – განაცხადა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.