საწვავის ხარჯები გლობალურ საავიაციო ინდუსტრიაში 2024 წელს 291 მილიარდ დოლარს მიაღწევს, რაც 100 მილიარდი დოლარით მეტია ხუთი წლის წინანდელ მაჩვენებლებთან შედარებით. Stocklytics.com-ის მიხედვით, პანდემიის დროს მნიშვნელოვანი შემცირების შემდეგ, აღნიშნული მაჩვენებელი სტაბილურად იზრდება და შესაძლოა წელს ახალ რეკორდს მიაღწიოს.
მიუხედავად იმისა, რომ ავიაკომპანიები დაახლოებით იმავე რაოდენობის საწვავს მოიხმარენ, როგორც 2019 წელს, ახლა ის ბევრად მეტი ღირს. 2019 წელს ავიაკომპანიებმა დაახლოებით 190 მილიარდი დოლარი დახარჯეს 96 მილიარდ გალონ საწვავზე. პანდემიამ გამოიწვია მკვეთრი ვარდნა: 2020 წელს ეს ხარჯები დაეცა 80 მილიარდ დოლარამდე. 2022 წელს ბაზარი გამოჯანმრთელდა: საწვავის მოხმარებამ მიაღწია 77 მილიარდ გალონს, ხოლო საწვავის ხარჯები გაიზარდა 215 მილიარდ დოლარამდე – 13% -ით მეტი, ვიდრე პანდემიამდე.
ეს ტენდენცია კვლავ გრძელდება. 2024 წელს ავიაკომპანიები 2019 წელთან შედარებით იმავე რაოდენობის საწვავში 100 მილიარდი დოლარით მეტს გადაიხდიან, რაც 53%-იანი ზრდაა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მიმდინარე პერიოდში საწვავი ავიაკომპანიის მთლიანი ხარჯების დაახლოებით 32%-ს შეადგენს, მაშინ როცა ხუთი წლის წინ ეს მაჩვენებელი 25%-ი იყო
საწვავის ფასების მკვეთრი ზრდა დიდწილად განპირობებულია გეოპოლიტიკური ფაქტორებით, მათ შორის რუსეთ-უკრაინის ომით და ისრაელსა და პალესტინას შორის დაპირისპირებით, რამაც გამოიწვია ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის ფასების ზრდა. და ვინაიდან ამ კონფლიქტების მოგვარების ნიშნები არ ჩანს, საწვავის ფასები ზრდას მომავალ წელსაც გააგრძელებს.
საწვავის უპრეცედენტო ხარჯების მიუხედავად, მოსალოდნელია, რომ საავიაციო ინდუსტრია გამოიმუშავებს რეკორდულ შემოსავლებს, რაც შეამსუბუქებს გარკვეულ ფინანსურ ტვირთს.საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია (IATA) აღნიშნავს, რომ გლობალური საჰაერო მიმოსვლა არა მხოლოდ 2019 წლის დონეს დაუბრუნდა, არამედ ზრდას აგრძელებს. 2024 წლის ბოლოსთვის საჰაერო მგზავრების საერთო რაოდენობა თითქმის ხუთ მილიარდს მიაღწევს. ეს კი 400 მილიონით მეტია, ვიდრე პანდემიამდე მგზავრთნაკადი იყო, ხოლო ავიაკომპანიის შემოსავალი იქნება თითქმის $1 ტრილიონი, რაც $158 მილიარდით მეტია 2019 წლის მაჩვენებლებთან შედარებით.