აეროპორტების საერთაშორისო საბჭომ (ACI World) მსოფლიოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 2024 წელს მოიცავს. ანგარიშის ავტორთა განმარტებით, წელს ეს მაჩვენებელი 9,5 მილიარდ მგზავრს მიაღწევს, რაც  პანდემიამდელ მაჩვენებლებზე 104%-ით და ხოლო 2023 წლის მაჩვენებლებთან შედარებით 10%-იანი ზრდაა.

უფრო მეტიც, 2024 წლისთვის გლობალური სამგზავრო მიმოსვლის ეს პროგნოზი ერთი მილიარდით დაბალია, ვიდრე გამოქვეყნებული იყო Covid-19-ის პანდემიამდე, როდესაც მოსალოდნელი იყო, რომ მსოფლიო მგზავრთნაკადი 10,5 მილიარდს მიაღწევდა.

საერთაშორისო მგზავრთნაკადი იქნება 4,1 მილიარდი, რაც წარმოადგენს საჰაერო მოგზაურთა საერთო რაოდენობის 43%-ს, ხოლო შიდა სამგზავრო მიმოსვლა შეფასებულია 5,4 მილიარდით, რაც წარმოადგენს მგზავრთა საერთო რაოდენობის 57%-ს.

ACI-ის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ სწორედ საერთაშორისო ბაზარი 2024 წლის პირველ ნახევარში მგზავრთნაკადის აღდგენის მთავარი მამოძრავებელი, სადაც სამგზავრო ტრაფიკი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17%-ით გაიზარდა, მაშინ როდესაც შიდა ბაზარზე ზრდა 6%-ი იყო.

აღსანიშნავია, რომ კვლევა მოიცავდა 180-ზე მეტი ქვეყნის 2700-ზე მეტი აეროპორტის მონაცემებს.

მიმდინარე წლის დასაწყისში ACI-მ გააკეთა პროგნოზი, რომლის მიხედვითაც გლობალური სამგზავრო ტრაფიკი 2042 წლისთვის 19,3 მილიარდს მიაღწევს, საიდანაც შიდა ტრაფიკი 10,6 მილიარდი იქნება, ხოლო საერთაშორისო 8,7 მილიარდი.