2024 წელს ევროკავშირში 6.7 მილიონი კომერციული ფრენა დაფიქსირდა, რაც 2023 წელთან (6.3 მილიონი) შედარებით 5.8%-ით მეტია. მიუხედავად ზრდისა, ფრენების რაოდენობა ჯერ კიდევ პანდემიამდელ მაჩვენებელზე (7.0 მილიონი 2019 წელს) დაბალია. ინფორმაციას Eurostat ავრცელებს.
არარეგულარულმა კომერციულმა ფრენებმა (ჩარტერული და სხვა სპეციალური ფრენები) 2024 წელს ფრენების საერთო რაოდენობის 8.7% შეადგინა. ზაფხულის თვეებში – ივნისში, ივლისში და აგვისტოში – დაფიქსირდა ასეთი ფრენების ყველაზე მაღალი წილი (შესაბამისად 10.3%, 10.7% და 10.1%).
2024 წელს კომერციული ფრენების ყველაზე მაღალი რაოდენობა ნიდერლანდებში, ამსტერდამის სხიპჰოლის აეროპორტში აღირიცხა – 484 000 ფრენა. მეორე ადგილზე იყო საფრანგეთის პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტი (463 000), მესამეზე კი გერმანიის ფრანკფურტი/მაინი (437 000).
კომერციული ფრენების რაოდენობით 10 უმსხვილეს აეროპორტს შორის, არარეგულარული ფრენების ყველაზე დიდი წილი დაფიქსირდა საბერძნეთის დედაქალაქ ათენში (5.5%), ავსტრიის დედაქალაქ ვენაში (4.6%) და ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში (4.5%).