2023 წლის მონაცემებმა სასტუმროს დატვირთულობის კუთხით, 2019 წლის მაჩვენებლებს 10-12%-ით გადააჭარბა, – ამის შესახებ განცხადებას Business Insider Georgia-თან ibis Styles-ის, mercure-ს და Swissotel Tbilisi-ს გაყიდვების დირექტორი მაკა ცხომელიძე აკეთებს.

მისი თქმით, 2019 წელთან შედარებით სასტუმრო ბიზნესში მკვეთრადაა გაზრდილი კონკურენცია, რასაც გავლენა ჰქონდა სასტუმროებში განთავსების ფასებზე.

„ზოგადი მაჩვენებლების მიხედვით მე ნაკლებად შემიძლია ვისაუბრო, ამიტომ დავეყრდნობი ჩვენს ჯგუფში შემავალ სასტუმროებს. 2023 წლის მაჩვენებლებმა 2019 წლის მაჩვენებლებს 10-12%-ით გადააჭარბა. რაც შეეხება 2021 წლის მაჩვენებლებს დატვირთულობის ზრდა უფრო მაღალი იყო 15-17%-ის დონეზე. რაც შეეხება განფასების ტარიფებს 2019 წელთან შედარებით 2-3 ლარითაა დაწეული.

ვფიქრობ, რომ მაღალ მაჩვენებლებს დატვირთულობის ფონზე უფრო მივაღწიეთ. ზოგადად ქალაქში ახალი სასტუმროების გახსნამ, კონკურენციის ზრდამ ფასებზეც გარკვეული გავლენა იქონია. კონკურენცია ამ მიმართულებით უფრო გაზრდილია ვიდრე 2019 წელს არსებული რეალობა იყო. 2019 წელს ბევრად ნაკლები  ბრენდული სასტუმრო ოპერირებდა“, – აცხადებს მაკა ცხომელიძე.

თბილისში მდებარე სასტუმროების ibis Styles-ის, mercure-ს და Swissotel Tbilisi-ს გაყიდვების დირექტორი ფიქრობს, რომ ისრაელის კონფლიქტმა 2023 წელს საქართველოს ტურისტულ ნაკადებზე მკვეთრი გავლენა მოახდინა.

„ისრაელის მდგომარეობიდან გამომდინარე ძალიან ბევრი ჯგუფები გაუქმდა და პლუს ევროპელ ტურისტებს მაინც ეშინიათ საქართველოში ჩამოსვლის უკრაინის ომიდან გამომდინარე, რადგანაც მაინც უყურებენ რუკას და ამბობენ რომ საქართველო უკრაინასთან ტერიტორიულად ახლოსაა“,- აცხადებს ცხომელიძე.

მისივე თქმით, ტურისტული ნაკადების ზრდისთვის მნიშვნელოვანია ახალ ბაზრებზე გააქტიურება და ასევე ინდოეთთან სავიზო რეჟიმის მაქსიმალური გამარტივება.

„ალბად უფრო ალტერნატიული ქვეყნები უნდა მოვიზიდოთ, გავამარტივოთ ინდოეთთან სავიზო  რეჟიმი და ხელშეწყობა ამ მიმართულებით უფრო მეტი უნდა იყოს, რადგანაც ინდოეთიდან დღეში 1 მლნ ტურისტამდე ჩადის სხვა ქვეყნებში. ბევრი ტურ-ოპერატები ჩამოვიდნენ ინდოეთიდან და ბევრი აქტივობებიც იყო. ფაქტობრივად, ხელშეწყობაზეა საუბარი, რომ ინდოეთიდან ტურისტებს საქართველოში შემოსვლა კიდევ უფრო გაუმარტივდეთ“, – განმარტავს ცხომელიძე.