ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი ავიაკომპანია WIZZ AIR ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2023 წლის ივნისიდან მესამე ბაზირებულ ხომალდს აბრუნებს და პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულებას ევროპის 5 ქალაქის: ბრიუსელის, მადრიდის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და პოზნანის მიმართულებით დაიწყებს. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორმა კომპანია საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ სტრატეგიულ პარტნიორთან მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა. სიახლის შესახებ სასტუმრო პულმანში გამართულ ღონისძიებაზე, რომელსაც ავიაციისა და ტურიზმის სექტორების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ, ავიაკომპანია WIZZ AIR-ის მიმართულებების განვითარების ოფიცერმა ეველინ ჯაკელმა და ავიაკომპანიის კორპორაციული კომუნიკაციების მენეჯერმა ჟაჟა ტრუბეკმა ისაუბრეს.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის თამარ არჩუაძის განცხადებით, 5-ვე მიმართულებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი რეგულარული რეისები კვირაში ორი სიხშირით შესრულდება. ხოლო, პარიზის, მილანის, პრაღისა და მემინგენზე არსებულ სიხშირეებს თითო სიხშირე დაემატება.
აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და ესპანეთის დედაქალაქ მადრიდს შორის, აქამდე პირდაპირი რეგულარული მიმოსვლა არასდროს ყოფილა. მადრიდი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის გახდება ყველაზე შორი ავიამიმართულება, სადაც რეგულარული ფრენები დაიწყება.
,,მოხარულები ვართ, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი WIZZ AIR საქართველოს ბაზრის ერთგული რჩება და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ფართოვდება. 2023 წლიდან ავიაკომპანია ჩვენს აეროპორტში ამატებს მესამე ბაზას და ევროპის 5 მიმართულებას. ჩვენთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმის გათვალისწინებით, რომ 27 მიმართულება უკვე ჩაითვლება, როგორც მიმართულებების რაოდენობის სრულ აღდგენად 2019 წელთან შედარებით. გარდა ამისა, არსებული პროგნოზების მიხედვით, მომავალ წელს ველოდებით მგზავრთნაკადის მნიშვნელოვან ზრდას, მილიონზე მეტ მგზავრს, რაც ნიშნავს რომ 2023 წელი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის ისტორიული წელი იქნება,-‘’განაცხადა თამარ არჩუაძემ.
ზედიზედ რამდენიმე წელია WIZZ AIR საქართველოს ავიაბაზრის ლიდერია. 2022 წლის 11 თვის მონაცემებით, ავიაკომპანია 550 ათასამდე მგზავრს მოემსახურა. 2023 წლის ივნისისთვის, ჯამურად WIZZ AIR ქუთაისიდან ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის 27 მიმართულებით იფრენს.