სამოქალაქო ავიაციის სააგენტო (GCAA) კიდევ ერთ ევროპულ რეგულაციას ნერგავს, რომელიც საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტების კვალიფიკაციის კიდევ უფრო ამაღლებას ითვალისწინებს.

სწორედ ამიტომ სააგენტომ ნორმატიული აქტის პროექტი – “საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის სერტიფიცირების წესი“ გარე განხილვაზე გამოიტანა.

როგორც GCAA-ში განმარტავენ, ნორმატიული აქტის პროექტი შემუშავებულია ევროკავშირის (EU) No1321/2014 რეგულაციის მე-3 დანართით (PART-66) გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად და მისი მიზანია არსებული ფრენის უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესება, საჰაერო ხომალდების და მათი კომპონენტების ტექნიკურ მომსახურებაში ჩართული სპეციალისტებისათვის სწავლების, სამუშაო გამოცდილების და საგამოცდო მოთხოვნების ახალი და უფრო სრულყოფილი სტანდარტების დადგენის გზით.

წესის მოქმედება გავრცელდება საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის მოწმობის მფლობელებზე, რომლებიც ახორციელებენ საჰაერო ხომალდის და მისი კომპონენტების ტექნიკურ მომსახურებას. ნორმატიული აქტით, დეტალურად ხდება ტექნიკური მომსახურების ყველა კატეგორიის და ქვეკატეგორიის მოწმობის მაძიებლისთვის ცოდნის დონეების, სასწავლო მოდულების, საგამოცდო მოთხოვნების, თეორიული, პრაქტიკული და სამუშაო ადგილზე სწავლების მოთხოვნების განსაზღვრა.

წესი ასევე მოიცავს სააგენტოს მიერ საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის მოწმობის გაცემასთან, გაცემაზე უარის თქმასთან, შეჩერებასთან, ვადის გაგრძელებასთან, მოწმობის გაუქმებასთან, მოწმობაში კატეგორიის/ქვეკატეგორიის დამატებასთან, საჰაერო ხომალდის ტიპის ოსტატობის აღნიშვნასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს და მოქმედი მოწმობების კონვერტაციის პირობებს.

ნორმატიული აქტის მიღება 2022 წლიდან იგეგმება.

წესის პროექტი შეგიძლიათ იხილოთ GCAA-ს ვებ-გვერდზე, ხოლო შენიშვნებისა და წინადადებების წარდგენა 31 აგვისტოს ელ. მისამართზე: air@gcaa.ge არის შესაძლებელი.