2021 წლის ოქტომბერში საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ლიდერი კვლავ თურქული სატვირთო ავიაკომპანია Turkish Cargo-ა
AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ ოქტომბერში Turkish Cargo-მ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით 419,879 ტონა ტვირთი გადაზიდა.
საჰაერო ტვირთების ტრანსპორტირების კუთხით საქართველოს ავიაბაზარზე მეორე პოზიციაზეა ქართული სატვირთო ავიაგადამზიდავი Geo Sky. ოქტომბერში Geo Sky საქართველოს საჰაერო სატვირთო ტვირთების ბაზარზე 346,546 ტონა ტვირთს მოემსახურა.
ასევე, საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ლიდერი კომპანიაა და TOP-5-ში მესამე პოზიციაზეა, ლუქსემბურგის სატვირთო ავიაგადამზიდავი Cargolux Airlines-ი, რომელმაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით ოქტომბრის განმავლობაში 226,055 ტონა ტვირთი გაატარა.
ოქტომბერში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით გატარებული ტვირთნაკადით მეოთხე პოზიციაზეა ქართული ავიაკომპანია Georgian Airlines-ი, რომელიც Georgian Airways Cargo-ს ბაზაზე დაფუძნდა. სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, Georgian Airlines-ნა ოქტომბერში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით 196,186 ტონა ტვირთი გადაზიდა.
რეიტინგში მეხუთე ადგილზეა ბელორუსული სატვირთო ავიაგადამზიდავი Rubystar Airways-ი, რომელიც 2021 წლის ოქტომბერში საქართველოს სატვირთო გადაზიდვებს ბაზარზე 98,200 ტონა ტვირთს მოემსახურა.
მაშ ასე, გადაზიდული ტვირთების მიხედვით TOP-5 სატვირთო ავიაკომპანიის რეიტინგი ასე გამოიყურება:
Turkish Cargo;
Geo Sky;
Cargolux Airlines;
Georgian Airlines;
Rubystar Airways;