2021 წლის მაისში 2019 წლის მაისთან შედარებით ქვეყანაში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა 17%-ით აღდგა, ხოლო იანვარ-მაისის მაჩვენებლებით კი 13%-ით. როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გამართულ ვებინარზე “COVID-19-ის გავლენა ტურიზმზე: საქართველოს და მსოფლიო ტურიზმის ტენდენციები“, ადმინისტრაციის კვლევებისა და დაგეგმვის სამმართველოს უფროსის, კავკასიის უნივერსიტეტის სრული პროფესორის გიორგი ბრეგაძის მიერ წარმოდგენილი სტატისტიკური ინფორმაციიდან ირკვევა, ქვეყნების მიხედვით საერთაშორისო ვიზიტების სტატისტიკაში მნიშვნელოვანი გადაადგილებები მოხდა. რუსეთმა პირველი ადგილი დაუთმო თურქეთს, ხოლო მნიშვნელოვნად დაწინაურდნენ უკრაინა და ისრაელი. 

2021 წლის მაისში საერთაშორისო ვიზიტების დიდი წილი, 21%-ი თურქეთიდან შემოსულ ვიზიტორებზე მოდის, 2019 წლის სტატისტიკაში კი პირველი ადგილი 28%-ით რუსეთიდან შემოსულ ვიზიტორებს ეკავა. 2021 წლის მაისში საერთაშორისო ვიზიტების 11%-ი უკრაინაზე ფიქსირდება, მაშინ როდესაც 2019 წლის მაისის მაჩვენებლებით უკრაინას 3%-ი ეკავა. 2021 წლის მაისის საერთაშორისო ვიზიტების სტატისკაში 11%-იან წილს ფლობს ასევე ისრაელიდან შემოსული ვიზიტორები.

2019 წლის მაისთან შედარებით, 2021 წლის მაისში საერთაშორისო ვიზიტების მხრივ უზბეკეთი 100%-ით აღდგენილია. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ უზბეკეთის საბაზისო მაჩვენებელი დაბალი იყო და შესაბამისად მაღალი ზრდის მაჩვენებელიც სახეზეა.

უკრაინამ 2021 წლის მაისში 2019 წლის მაისში დაფიქსირებული ვიზიტების 68%-ი აჩვენა, ხოლო ისრაელის შემთხვევაში საუბარია 66%-იან მაჩვენებელზე. საანგარიშო პერიოდში ყაზახეთიდან შემოსული  საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა 63%-თაა აღდგენილი, ხოლო ბელარუსიდან 57%-ით. შესაბამისად უზბეკეთი, უკრაინა და ისრაელი 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყველაზე მაღალ ზრდას აჩვენებენ.

მიმდინარე ეტაპისთვის ამა თუ იმ ქვეყნიდან საერთაშორისო ვიზიტების აღდგენაში წვლილი პირდაპირმა საჰაერო მიმოსვლამ შეიტანა, რადგანაც დაწინაურებულია ის ქვეყნები, რომელთანაც საქართველოს პირდაპირი ავიარეისები აქვს.

თუ კი ქვეყნების მიხედვით იანვარ-მაისის საერთაშორისო ვიზიტების სტატისტიკას გადავხედავთ ნათელია, რომ 2019 წლის 5 თვის ლიდერებმა რუსეთმა, აზერბაიჯანმა და სომხეთმა ბაზრის წილი დაკარგეს, ხოლო ისრაელმა და უკრაინამ TOP-10-ში პოზიციები გაიმყარეს. 

5 თვის მაჩვენებლებით უზბეკეთი აღდგა და უფრო მეტიც გაიზარდა. ახლოსაა აღდგენასთან ბელორუსი 41%-ით და ასევე ისრაელი 39%-ით. რაც შეეხება უკრაინას ბაზრის 36%-ი უკვე აღდგენილია. 

2021 წლის დასაწყისიდან საჰაერო საზღვრების გახსნამ საჰაერო გზით შემოსული საერთაშორისო ვიზიტების წილის ზრდა გამოიწვია, თუმცა არსებული რეგულაციების მიუხედავად სახმელეთო საზღვრების წილი კვლავ მაღალი რჩება, რაც ტრაილერების მოძრაობით აიხსნება.

2021 წლის მაისში ქვეყანაში საერთაშორისო ვიზიტების 50%-ი საჰაერო გზით შემოსულ ვიზიტორებზე მოდის, 2019 წლის მაისში საერთაშორისო ვიზიტების მხოლოდ 28%-ი მოდიოდა საჰაერო ტრანსპორტით შემოსულ ვიზიტორებზე.​

2021 წლის მაისში, 2019 წლის მაისთან შედარებით აღდგენილია საჰაერო ვიზიტების 30%-ი.

იანვარ-მაისის სტატისტიკური მაჩვენებლებით საერთაშორისო ვიზიტები 34%-ი მოდის საჰაერო გზით შემოსულ ვიზიტორებზე, მაშინ როდესაც 2019 წლის იანვარ-მაისში აღნიშნული მაჩვენებელი 27%-ს შეადგენდა.

2021 წლის 5 თვეში 2019 წლის 5 თვესთან შედარებით აღდგენილია საჰაერო ვიზიტების 16%-ი.