ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა სარესტორნო ინდუსტრიის, მათ შორის სტუმარ-მასპინძლობის სექტორის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ინდუსტრიის სხვადასხვა ასოციაციები — რესტორატორთა ასოციაციის, გასტრონომიის ასოციაციის, გასტრონომიული ტურიზმის ბიზნესასოციაციისა და 30-მდე რესტორნის წარმომადგენელი ესწრებოდა.
შეხვედრაზე განხილული იქნა ის გამოწვევები და მოთხოვნები, რასაც სექტორი აყენებს. ამასთან კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა მთვრობის ანტიკრიზისული გეგმის მე-4 ეტაპის ფარგლებში სარესტორნო ინდუსტრიისთვის დაწესებულ შეღავათებს. კერძოდ, გეგმის მეოთე ეტაპის ფარგლებში ტურიზმის სექტორი, მათ შორის სარესტორნე ინდუსტრია ქონების გადასახადისგან გათავისუფლდება 2021 წელს, ასევე ექვსი თვის განმავლობაში სარესტორნო ინდუსტრიას საბანკო და ლიზინგის სესხების პროცენტი დაუსუბსიდირდება და ეს პროგრამა უკვე დაწყებულია.
აღინიშნა, რომ რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებით გამოწვეული წერტილოვანი შეზღუდვების დაწესება ბიზნესთან კომუნიკაციისა და კონსულტაციების შედეგად მოხდა.
„თუმცა, კარგად გვესმის, რომ ტურისტულ ინდუსტრიას რთული პერიოდი აქვს და გამონაკლისი არც სარესტორნო სექტორია. მაგრამ აქვე უნდა ითქვას, რომ დღეს დასმული საკითხებიდან ერთი ნაწილი მთავრობის მიერ უკვე გადაწყვეტილია. დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ უკვე ვსაუბრობდით იმპლემენტაციაზე და ტექნიკურ საკითხებზე, რაც შეიძლება გაუჩნდეს სარესტორონო ინდუსტრიას, თუნდაც იგივე სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამაში მონაწილეობისთვის. ეს პროგრამა უკვე დამტკიცებულია და კონკრეტული ტექნიკური საკითხებია გასავლელი. აღსანიშნავია, რომ ისეთ საკითხს, როგორიც საგადასახადო შეღავათებია, სექტორი მიესალმება და ინდუსტრიისთვის მნიშნელოვანია”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
მინისტრის განცხადებით, მთავარი თხოვნა არის, რომ რესტორნებმა მაქსიმალიურად შეინარჩუნონ დასაქმებულები და მიუხედავად იმისა, რომ რთული პერიოდია, სარესტორნე ბიზნესი მაქსიმალურად ცდილობს, დასაქმებულთა შენარჩუნებას.
„კიდევ ერთი საკითხი, რაშიც მათ სჭირდებათ დახმარება, ეს არის დელივერის სერვისი, გატანის სერვისი, რომ უკეთ ამუშავდეს. როგორც იცით, მთავრობის გადაწყვეტილებით მათ შეუძლიათ მუშაობა ამ რეჟიმში გააგრძელონ. სექტორთან დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ შევთანხმდით, რომ აქტიურ რეჟიმში გავაგრძელებთ კომუნიკაციას, გაიმართება სექტორული შეხვედრები, რათ კონკრეტული საკითხები გავიაროთ და დარწმუნებული ვარ, ბევრი საკითხის გადაწყვეტას შევძლებთ”, – განაცხადა ნათია თურნავამ.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში” დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი გაბრიაძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი და ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ნინო კვეტენაძე