2021 წელს Ryanair-ი საქართველოში ფრენებს არ აღადგენს – ამის შესახებ ინფორმაცია BMG-ის ირლანდიური ავიაკომპანიის სათაო ოფისში დაუდასტურეს. კომპანიის განცხადებით, ფრენების შეჩერება კომერციული მიზეზებიდან გამომდინარე მოხდა.
“კომერციული მიზეზებიდან გამომდინარე, Ryanair-ი საქართველოს მიმართულებით 2021 წლის განმავლობაში ფრენებს არ განახორციელებს. ჩვენ გულმოდგინედ ვმუშაობთ, რათა მომხმარებლებს შევთავაზოთ მიმზიდველი შესაძლებლობები და ხელი შევუწყოთ საავიაციო ნაკადების აღდგენას, თუმცა ამასთანავე ჩვენი კომპანია თანდათანობით აგრძელებს გამოსვლას იმ რთული ვითარებიდან, რაც COVID-19-ს უკავშირდებოდა,”- ნათქვამია ავიაკომპანიის პრესსამსახურის პასუხში.
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 1 თებერვლიდან საქართველოში რეგულარულ ავიამიმოსვლაზე შეზღუდვა მოიხსნა, თუმცა ჯერჯერობით საავიაციო ნაკადი კვლავ საკმაოდ დაბალია.
ფაქტი, რომ Ryanair-ი ფრენებს არ აღადგენს წელს საქართველოს ტურისტული ინდუსტრიისთვის აღდგენის ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორი იქნება.
წყარო: bm.ge