2020 წლის ოქტომბერში საქართველო საავიაციო ფორუმ AeroLinks-ს უმასპინძლებს, რომელსაც ქართული საავიაციო კომპანია  Aero Georgia Group-ი აფუძნებს. ფორუმი საერთაშორისო მასშტაბის იქნება და მისი ჩატარება 2020 წელს თბილისობის დღესასწაულს დაემთხვევა.

Aero Georgia Group-ის დამფუძნებელი იგორ აფციაური აცხადებს, რომ AeroLinks-ის პრეზენტაცია რამდენიმე კვირაში გაიმართება. არსებული გეგმის მიხედვით, საწყის ეტაპზე ფორუმი 2 წელში ერთხელ ჩატარდება, ხოლო შემდეგ ყოველწლიური გახდება. პირველ საავიაციო ფორუმ AeroLinks-ს თბილისი უმასპინძლებს, ხოლო შემდეგ ქუთაისი და ბათუმი. 

“თარიღი სპეციალურად შეირჩა და გვინდა, რომ თბილისობას დაემთხვეს. გვინდა, რომ ფორუმის დელეგატები მაქსიმალურად ჩაერთონ თბილისობის დღესასწაულის პროგრამაში.

ფორუმი 2 დღიანი იქნება და ამის შემდეგ, დელეგატებს საშუალება ექნებათ შაბათ-კვირას თბილისობაზეც დარჩნენ, საქართველოს დედაქალაქი კარგად დაათვალიერონ და გაერთონ. პროექტს საზოგადოებას ოფიციალურად დეკემბრის ბოლომდე წარვუდგენთ”, განმარტავს იგორ აფციაური.