2020 წელს ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისათვის, ქვეყნის მასშტაბით მგზავრთა საჰაერო გადაყვანისთვის მთავრობა 6 მლნ ლარის დახარჯვას აპირებს. 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, წლის განმავლობაში შიდა ფრენების სუბსიდირება ბიუჯეტიდან 6 მლნ ლარით დაფინანსდება. თუმცა სრული თანხის ათვისება დამოკიდებულია მგზავრთნაკადზე და მეტეოროლოგიურ პირობებზე, რადგანაც რეისები ძირითადად სეზონურია და ხშირად დამოკიდებულია ამინდზე.
საქართველოს მთავრობა შიდა ფრენების სტიმულირებისთვის, დაფინანსების პროგრამას რამდენიმე წელია ახორციელებს, რაც თავის მხრივ მგზავრთნაკადზეც აისახება.
ქვეყნის მასშტაბით მგზავრთა საჰაერო გადაყვანისთვის ბიუჯეტიდან თანხებს ავიაკომპანია AK-Air Georgia იღებს, რადგანაც კომპანიამ 2018 წელს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ შიდა ფრენების სუბსიდირებაზე გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა.
AK-Air Georgia საჰაერო გადაყვანებს შემდეგი მიმართულებებით ახორციელებს: მესტია – ქუთაისი – მესტია, ნატახტარი-მესტია – ნატახტარი, ნატახტარი-ამბროლაური-ნატახტარი, თბილისი-ბათუმი-თბილისი.
ნატახტარი-მესტიის მიმართულებაზე ბილეთის ღირებულება ზრდასრულთათვის 90 ლარია, 3-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის 30%-იანი ფასდაკლება ვრცელდება, ხოლო 3 წლამდე ბავშვებისთვის ფრენა უფასოა.
რაც შეეხება ქუთაისიდან მესტიის მიმართულებით ავიაბილეთის ღირებულებას, ის 50 ლარს შეადგენს და აქაც 3-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის ვრცელდება 30%-იანი ფასდაკლება, ხოლო 3 წლამდე ბავშვებისთვის უფასოა.
ნატახტარიდან ამბროლაურის მიმართულებით ავიაბილეთის ღირებულებაც 50 ლარია.
რაც შეეხება თბილისი-ბათუმის მიმართულებით ფრენებს, ბილეთის ღირებულება 125 ლარია.