თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia 2020 წლის ფინანსურ ზარალზე საუბრობს. როგორც TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერის მოადგილე თეა ზაქარაძე აცხადებს, COVID-19-ის პანდემიის ფონზე აეროპორტები ფაქტობრივად დაკეტილია, არ არის მგზავრთნაკადი, შესაბამისად არც შემოსავლები.
თეა ზაქარაძე ამბობს, რომ 2020 წელს 2019 წელთან შედარებით TAV Georgia-ს ფინანსური შემოსავლები 76%-ით შეუმცირდა.
“ზარალი მართლაც უპრეცენდენტოა. მართლაც რთული წელი იყო არამხოლოდ ჩვენთვის არამედ მთელი მსოფლიოს ავიაციის სექტორში მომუშავე კომპანიისთვის. გამომდინარე იქედან, რომ აეროპორტი 2020 წლის იანვარსა და თებერვალში მუშაობდა ის მონაცემები რაც დღეს გაქვს, ფაქტობრივად არის იანვარ-თებერვლს მონაცემები. ჩვენ 2020 წელს ვხურავთ 590 ათასი მგზავრით, რაც არს ის ციფრი რაც 2005 წელს იყო. ზარალს რაც შეეხება, გამომდინარე იქედან, რომ ის 2 თვე აეროპორტმა იმუშავა, ზარალი ამ ეტაპისთვის არის 76%-ი, ხოლო მგზავრთა რაოდენობაში, ისევ იმ ორი თვის ჩათვლით, 83%-ი. თუ 2019 წლის ნოემბრის მონაცემებს 2020 წლის ნოემბრის მონაცემებს შევადარებთ, 98%-ით შემცირდა მგზავრთა რაოდენობა.
2020 წელს 2019 წელთან შედარებით კომპანიის ზარალი შეადგენს 76%-ს ფინანსურ ჭრილში. ეს მონაცემიც არის იანვარ-თებერვლის მაჩვენებლების ჩათვლით, როდესაც აეროპორტი მუშაობდა, თუმცა თუ შემდეგ თვეებზე გადმოვალთ ზარალი 90%-ია.
ბათუმის აეროპორტს რაც შეეხება ზარალი 99%-ია და აეროპორტი უკვე 10 თვეა დაკეტილია”, განაცხადა TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერის მოადგილემ თეა ზაქარაძემ საქმიანი დილის რუბრიკაში “საუბრები ავიაციაზე”.