2019 წელს საქართველოს პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ქონდა მსოფლიოს სხვადასხვა 83 პუნქტის მიმართულებით. როგორც AviaNews საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განუმარტეს, 2019 წელს საქართველოდან სამგზავრო საჰაერო მიმოსვლა ხორციელდებოდა მსოფლიოს 83 პუნქტში. აღნიშნული მაჩვენებელი კი 12%-ით მეტია 2018 წელს განხორციელებულ პირდაპირ ავიარეისებთან მიმართებაში.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2017 წელს საქართველოდან სამგზავრო საჰაერო მიმოსვლა ხორციელდებოდა სულ მსოფლიოს 62 პუნქტში, 2018 წელს – 74 პუნქტში, ხოლო 2019 წელს – 83 პუნქტში.

არსებული სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2019 წელს 2017 წელთან შედარებით მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში პირდაპირი ავიამიმოსვლა გაზრდილია 34%-ით.

შენიშვნა: მონაცემები ითვალისწინებს იმ დანიშნულების პუნქტებს, სადაც ხორციელდებოდა რეგულარული ან მრავალჯერადი ჩარტერული ფრენა.