ავიამოგზაურობისას ბარგის დაკარგვის ალბათობა ევროპაში უფრო მაღალია, ვიდრე აზიასა და სამხრეთ ამერიკაში. აღნიშნულ დასკვნამდე შვეიცარიული IT კომპანია SITA-ს ექსპერტები მივიდნენ.

SITA-მ ყოველწლიური კვლევები – Baggage IT Insights 2019 გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც 2018 წელს ყოველ 1000 მგზავრზე ბარგთან დაკავშირებული 5,69 ინციდენტი დაფიქსირდა. რაც თავის მხრივ ბარგის დაზიანებას, ან დაგვიანებას უკავშირდება. საერთო ჯამში კი 2018 წელს მსგავსი შემთხვევების რაოდენობამ 24.8 მლნ-ს მიაღწია. ეს იმ ფონზე, როდესაც გასულ წელს 4,27 მლრდ ერთეული ბარგი გადაიზიდა.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, 10 წლის უკან ბარგის დაზიანების ან დაკარგვის მაჩვენებელი 3-ჯერ უფრო მაღალი იყო ვიდრე დღეს.

სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, დღეისათვის ბარგის მხოლოდ 5%-ი იკარგება უგზო-უკვლოდ, ხოლო 77%-ი პატრონს დაგვიანებით ბარდება.

ხოლო 18%-ი დაზიანებული ბარგის მაჩვენებელია.

ბარგის დაგვიანების, ან დაკარგვის მთავარ მიზეზად ტრანზიტულ ზონაში ტვირთების გადამისამართება სახელდება. ასეთ შემთხვევებზე კი დაკარგული ბარგის 46%-ი მოდის.

2018 წლის მაჩვენებლებით, ყველაზე მეტჯერ ბარგის დაკარგვა, ან დაგვიანება ევროპაში ფიქსირდება. ევროპაში ყოველ 1000 მგზავრზე ბარგთან დაკავშირებული ინციდენტების 7.29 შემთხვევა მოდის.

მაშინ როდესაც სამხრეთ ამერიკასა და აზიაში ეს მაჩვენებელი 2.85 და 1.77 ბარგს შეადგენს. აზია ერთადერთი რეგიონია, რომელმაც 2018 წელს საკუთარი მაჩვენებლები გააუმჯობესა.