«პეტრას განძის» 2024 წლის შემაჯამებელი გალა ღონისძიება – რჩეულთა კლუბის წვეულება, სასტუმრო «მონოგრაფში» გაიმართება. ღონისძიებაზე გასული წლის ორი გამარჯვებული Socar-ისა და Hunnewell Cement-ის გუნდები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. «რა? სად? როდის?» პრინციპით გუნდებს მოუწევთ 10 შეკითხვაზე პასუხის გაცემა. გამარჯვებული მოიპოვებს წლის რჩეულთა რჩეულის ტიტულსა და ოქროს ფარს.

«პეტრას განძი» პეტრას ციხე-სიმაგრეზე ადაპტირებული კორპორატიული თამაშია, რომელიც თიმბილდინგთან ასოცირებული მიზნების მიღწევაში ეხმარება კომპანიებს, ასევე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს და არქეოლოგიის პოპულარიზაციას მასშტაბურ სახეს აძლევს MICE ტურიზმის მეშვეობით. ისტორიული კომპლექსის ტერიტორიაზე სპეციალურადაა მოწყობილი 24 დაბრკოლება, ყოველი მათგანი განსხვავებულია თავისი შინაარსითა და ვიზუალით. მონაწილე გუნდები თამაშის პერიოდში გაიგებენ ნაკლებად ცნობილ ისტორიას, მოგზაურობენ დროში, 5 საათის განმავლობაში გადიან დაბრკოლებებს და მოიპოვებენ გამარჯვებისთვის საჭირო ელემენტებს: არტეფაქტის ფრაგმენტებს, მაგიურ ქვებსა და იუსტინიანეს მონეტებს. გამარჯვებული – რჩეული გუნდი რგავს სახელობით ხეს და ტოვებს სამუდამო კვალს პეტრას ციხის ტერიტორიაზე, მოიპოვებს მოოქროვილ ბუნიკს, რომელიც პეტრას ციხის მიმდებარედ ნაპოვნი განძის ერთ-ერთი არტეფაქტია და ხვდება დახურულ რჩეულთა კლუბში.