მთავარი სლაიდერზე 2 წლის განმავლობაში აჭარაში 160-მდე გიდი გადამზადდა

2 წლის განმავლობაში აჭარაში 160-მდე გიდი გადამზადდა

200

აჭარაში ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში გიდების გადამზადება დასრულდა. წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ბათუმის, ქედისა და მაჭახელას ტურისტულ მარშრუტებზე 60-მდე მოქმედ და დამწყებ გიდს ჩაუტარა ტრენინგები.

თეორიულ-პრაქტიკული კურსის განმავლობაში გიდებმა გაიარეს ყველა ტურისტული მარშრუტი და ინფორმაცია მიიღეს იქ არსებული ტურისტული ღირსშესანიშნაობების, პროდუქტებისა და სერვისების შესახებ. პრაქტიკული საველე გასვლების გარდა, მათ ასევე ჩაუტარდათ თეორიული სწავლება ეთნოგრაფიის, ისტორიის, ექსკურსიათმცოდნეობის, ქართული ფოლკლორის, გიდის ფსიქოლოგიის, პირველადი დახმარებისა და არქიტექტურის შესახებ.

ბათუმის, ქედისა და მაჭახელას ტურები ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მარშრუტებია აჭარაში. ბათუმის ტურისტული მარშრუტი ქალაქში არსებულ ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს, ძმების ნომებელების, მხარეთმცოდნეობის, არქეოლოგიურ მუზეუმებს, ბოტანიკურ ბაღსა და გონიოს ციხეს მოიცავს. ქედის ღვინის მარშრუტი სოფელ ვაიოს, პირველი მაისის, დანდალოსა და გეგელიძეების ღვინის მარნებს, საოჯახო-სასტუმრო სახლებსა და აჭარულ ღვინის სახლს ითვალისწინებს. მაჭახელას ტურისტული მარშრუტში კი მაჭახელას ეროვნულ პარკი და მაჭახელას თოფის გზა შედის.

ბოლო ორ წელში, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოსთან ერთად რეგიონში 160-მდე მოქმედი და დამწყები გიდი გადაამზადა. ამ ეტაპზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ბაზაში ძირითადად რუსულ და ინგლისურ ენოვანი გიდები ფიქსირდება დაცული ტერიტორიების, ქედის ღვინის გზის, მაღალმთიანი აჭარის, მაჭახელას თოფის გზისა და ბათუმის ტურისტული მარშრუტების მიმართულებებით. გიდების საკონტაქტო ინფორმაციები მათი კვალიფიკაციის შეფასებებთან ერთად ტურისტულ სააგენტოებს დაეგზავნათ.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში გიდებისთვის ტრენინგებს 2019 წელსაც გააგრძელებს.