Gazelle-ის ფონდი აცხადებს, რომ საქართველოში დაფუძნებულ სატვირთო ავიაკომპანიაში 2.5 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.

BM-ის ინფორმაციით, საუბარია 2021 წელს დაფუძნებულ Camex Airlines-ზე. ფონდი საკუთარ განცხადებაში აღნიშნავს, რომ საქართველო აზიასა და ევროპის გზაგასაყარზე მდებარეობს და შავი ზღვის გავლით აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის სხვადასხვა სატრანპორტო გადაზიდვას უზრუნველყოფს.

რაც შეეხება ავიაკომპანიას, როგორც Gazelle-ის ხელმძღვანელი ამბობს, Camex Airlines-ი კარგად პოზიციონირებს სწრაფად მზარდ ბაზარზე, სადაც საჰაერო გადაზიდვებზე მოთხოვნა იზრდება.

Camex Airlines-ი Gazelle Finance-ისთვის პირველი ინვესტიციაა საქართველოს ტრანსპორტის სფეროში. ამ ინვესტიციით მიმდინარე წლის ბოლოსთვის ავიაკომპანია საიჯარო ხელშეკრულება გააფორმებს 4 ხომალდზე, მათ შორის Boeing 737-800-ზე.

Gazelle Finance-ის ინვესტიციით საქართველოს ეკონომიკაში 150 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. “ჩვენი მიზანია სამხრეთ კავკასიაში საჰაერო ტრანსპორტის, დისტრიბუციისა და ლოგისტიკის წამყვანი კომპანია გავხდეთ”, – ამბობს Camex Airlines-ის ხელმძღვანელი დავით მაზმიშვილი.

2021 წელს დაფუძნებული სატვირთო ავიაკომპანია ტრასნკონტინენტურ საჰაერო სატვირთო გადაზიდვებს გეგმავს, ხოლო ბაზა საქართველოში ექნება. კომპანიას არ აქვს საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატი, რაც იმას ნიშნავს, რომ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, ჯერჯერობით, სატვირთო გადაზიდვების უფლება არ მიუცია.

რაც შეეხება Gazelle Finance-ს, ის ევრაზიის რეგიონში მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს აფინანსებს.