Amazon-ი, Walmart-ი, Total Quality Logistics-ი, JB Hunt-ი, Stevens Transport-ი, Coyote Logistics-ი, XPO Logistics-ი – ეს იმ კომპანიების არასრული სიაა, რომელთანაც გადამზიდავი კომპანია WFT Logistics Inc-ი თანამშრომლობს და რომლის სათავეში ქართველი ნიკო ფურცელაძეა. ამერიკაში მოღვაწე ბიზნესმენი Bm.ge-ის უყვება, რომ გადამზიდავი კომპანია 2016 წელს, ტეხასის შტატში, ქალაქ დალასში დააფუძნა. დღეს კი, კომპანიის ბრუნვა $2.4 მილიონია და ყოველწიურად, აშშ-ის მასშტაბით, 390 მლნ დოლარის ღირებულების პროდუქცია გადააქვს.

„ამ დროისთვის კომპანიაში 31 ადამიანია დასაქმებული, მათ შორის არიან ქართველებიც“, – გვიყვება ნიკო ფურცელაძე და ამერიკაში ბიზნესის დაწყების ისტორიას გვიზიარებს.

„ბიზნესი, მეგობართან ერთად, სესხით დავიწყე. მინიმალური თანხა გვქონდა, რაც ლიცენზიების მისაღებად იყო საჭირო. პირველი წლები ძალიან რთული აღმოჩნდა, რადგან არ გვქონდა საკრედიტო ისტორია, რომელიც აშშ-ში ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია; ვიყავი ჩვეულებივი ემიგრანტი, თუმცა, მანამდე საქართველოში აშშ-ის საელჩოში 18 წელი ვიმუშავე, შესაბამისად, ამერიკის კანონებს და კულტურას კარგად ვიცნობდი, რაც ბევრ რამეში დამეხმარა. უშუალოდ, ბიზნესის დაწყების პროცედურებს რაც შეეხება, ბიზნესის დაწყება აქ მარტივია, განსაკუთრებით ტეხასში – ფაქტობრივად, ონლაინ ავსებ განაცხადს და რამდენიმე კვირაში მოგდის ლიცენზია იმ პროდუქციის გადასატანად, რაზეც მოთხოვნა გაქვთ გაკეთებული”, – ამბობს ნიკო ფურცელაძე.

ამერიკული გამოცდილების გაზიარებისას, ბიზნესმენი bm.ge-ისთან ინტერვიუში აქცენტს იმაზეც აკეთებს, რამდენად მნიშვნელოვანია აშშ-ში ბიზნესის კეთებისთვის რეპუტაცია და ნდობა.

„სატრანსპორტო ბიზნესს, ისევე როგორც სხვებს, აშშ-ში თავისი სპეციფიციკა აქვს. კერძოდ, Federal Motor Carrier Safety ადმინისტრაციის მიერ დაწესებული სატრანსპორტო რეგულაციების თანახმად, გადამზიდი კომპანია უნდა აკმაყოფილებდეს უსაფრთხოების ნორმებს. ყოველწლიურად, კომპანია პასუხისმგებელია, გადაიხადოს დაბინძურების და გზების დაზიანების გადასახადი. ასევე, უნდა გააჩნდეს დაზღვევა, რომელიც მოიცავს ტვირთის ღირებულებას, რაც $100,000-დან $1 მლნ დოლარამდეა. ამასთან, ტრანსპორტაციის დეპარტამენტის მიერ გზებზე მიმდინარეობს გადამზიდი კომპანიების მკაცრი კონტროლი, ეს შეეხება ტვირთის წონას, გავლილ მანძილს თუ ლიცენზიებს. ამერიკული კომპანიების მსგავსად ანალოგიური მოთხოვნების დაკმყოფილება WFT Logistics Inc-ს უწევს, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია კომპანიის სანდოობა, რომელიც ტეხასში და არა მხოლოდ – სპეციალური სარეიტინგო ქულებითაც ფასდება – WFT Logistics Inc-ს 98 ქულა აქვს მინიჭებული. (FMCSA (Federal Motor Carrier Safety Administration) – high safety rating), რაც იმას ნიშნავს, რომ ერთ-ერთ საუკეთესო რეიტინგს ვფლობ ამერიკაში სანდო კომპანიების ჩამონათვალში; ეს კი განაპირობებს პარტნიორებთან კარგ ურთიერთობებს“, – ყვება ბიზნესმენი.

რაც შეეხება პანდემიის გავლენას WFT Logistics Inc-ზე, რომელიც რამდენიმე ათეულ ტრაილერს ფლობს, ნიკო ფურცელაძე ამბობს, რომ პროდუქტების გადაზიდვაზე მოთხოვნა პანდემიის დროს განსაკუთრებით გაიზარდა.

„Amazoni გვთავაზობდა ექსკლუზიურ თანამშრომლობას – მხოლოდ მათი ტვირთების გადაზიდვას, მაგრამ კომპანიის განვითარების მიზნით, სხვადასხვა კომპანიებთან თანამშრომლობის შენარჩუნება და განვითარება ვამჯობინეთ, რამაც საკმაოდ მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო“, – აღნიშნა ნიკო ფურცელაძემ და დასძინა, რომ პანდემიის პირობებში, მისი ბიზნესი 300%-იან მოგებაზე გავიდა, რასაც გარკვეულწილად, ხელი საბანკო შეღავათებმაც შეუწყო.

„ბანკებმა თვითონ მოგვმართეს სამთვიანი სესხის გადავადების შემოთავაზებით. თითო სატვირთო მანქანაზე თუ მქონდა $1500 გადასახდელი, სამი თვის განმავლობაში, არც ერთი ცენტი არ გადაგვიხდია. სწორი გათვლებით მოვახდინეთ გამოთავისუფლებული თანხების რეინვესტირება, რამაც კომპანიის განვითარებას და გაფართოებას შეუწყო ხელი. ამერიკაში ყველაფერი საკრედიტო ისტორიაა, როგორც ფიზიკური პირის, ისე ბიზნესის შემთხვევაში. შეიძლება, თავდაპირველი თანხა ბიზნესისთვის არ გქონდეს, მაგრამ კარგი საკრედიტო ისტორიით, შეიძლება, ყველაფერი შეძლო – კანონმორჩილება და პატიოსანი, თავდაუზოგავი შრომა, ამერიკული ოცნების ახდენის საწინდარია“, – უყვება bm.ge-ის ამერიკაში მოღვაწე ბიზნესმენი.