ყაზახური ავიაკომპანია Air Astana ალმათიდან თბილისის მიმართულებით რეგულარულ რეისებს ანახლებს. როგორც AviaNews-ს სამხრეთ კავკასიაში Air Astana-ს გენერალურმა მენეჯერმა კამილა ჟაილაუბაევამ განუცხადა, Air Astana ალმათი-თბილისი-ალმათის საჰაერო ხაზზე ფრენებს 16 მარტიდან შეუდგება. რეისები კვირაში სამი სიხშირით, ყოველ სამშაბათს, პარასკევს და კვირას განხორციელდება.
ავიაბილეთების რეალიზაცია Air Astana-ს ვებ-გვერდზე უკვე დაწყებულია.
საქართველოს მოქალაქეებს ყაზახეთშის ტერიტორიაზე შესვლა PCR ტესტის “ნეგატიური” პასუხით შეუძლია.
შეგახსენებთ, რომ 1-ელი მარტიდან საქართველოში საჰაერო გზით შემოსვლის უფლება აქვს ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქეებსა და ყაზახეთში ბინადრობის (ცხოვრების) უფლების მქონე პირებს. საქართველოში შემოსვლა შეუძლია ასევე ნებისმერ პირს, რომელიც COVID-ვაქცინიზაციის (ორივე დოზა) დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს.
საქართველოში შემოსასვლელად ისინი უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ პირობებს:
- საქართველოში უნდა გამოემგზავრონ საჰაერო გზით, ამავე ქვეყნებიდან, მათ შორის, მესამე ქვეყნების ტრანზიტული მგზავრობისთვის გამოყენების უფლებით. (სახმელეთო და საზღვაო საზღვრები კვლავ დაკეტილია);
- სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე უნდა წარადგინონ საზღვრის კვეთამდე უკანასკნელ 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- საზღვრის კვეთიდან მე-3 დღეს, უნდა ჩაიტარონ PCR კვლევა, საკუთარი ხარჯებით;
- საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთამდე უნდა შეავსონ სპეციალურ ელექტრონული ანკეტა, სადაც უნდა მიეთითოს ბოლო 14 დღის მოგზაურობის ისტორია, საქართველოში ვიზიტის დროს განსაზღვრული ადგილსამყოფელი, საკონტაქტო ინფორმაცია და ა.შ;
- პირები, რომლებსაც უფიქსირდებათ უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში მოგზაურობის ისტორია, 12 დღით დაექვემდებარებიან საკარანტინე სივრცეში გადასვლას. ამ შემთხვევაში, PCR ტესტის საზღვარზე წარდგენა, ისევე როგორც, მე-3 დღეს PCR კვლევის ჩატარება აღარ არის სავალდებულო.
ზემოთ მითითებული კატეგორიების გარდა, საქართველოში შემოსვლის შეზღუდვები არ ვრცელდება:
- საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მათი ოჯახის წევრებზე;
- საქართველოს მოქალაქის ოჯახის წევრებზე, მიუხედავად მათი მოქალაქეობისა;
- ჰუმანიტარული მისიით მომავალ პირებზე – თუ დღის წესრიგში დადგა ასეთი მისიის მოვლენის აუცილებლობა (ექიმები, მოხალისეები და ა. შ.);
- საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირზე;
- პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირებზე;
- საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მქონე პირებზე;
- ოფიციალური დელეგაციების წევრებზე, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში;
- საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვებში მონაწილე მძღოლებზე, საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვებში მონაწილე პერსონალზე, რომელიც დაკავშირებულია რკინიგზაზე ტვირთის გადაზიდვა-გაცილებასთან და საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრებზე.