15 თებერვლიდან საერთაშორისო ფრენები გააქტიურდება, აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა. მინისტრი დარწმუნებულია რომ 1-ელი თებერვლიდან რეგულარულ ფრენებზე დაწესებული რეგულაციების მოხსნა ფრენების რაოდენობაზე აისახება და 15 თებერვლიდან რეისების რაოდენობა გაიზრდება.
“15 თებერვლიდან ავიაკომპანიები უფრო გააქტიურდებიან და საერთაშორისო ფრენების რაოდენობაც არა კრიტიკულად, მაგრამ გარკვეულწილად მოიმატებს. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ნათელი, მკაფიო და კარგად გააზრებული წესები გვაქვს ქვეყანაში საერთაშორისო ვიზიტორების შემოყვანის.
უცხო ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქე, ვისაც ვაქცინაციის მოწმობა აქვს, ყოველგვარი დამატებითი შეზღუდვის გარეშე შემოდის ქვეყანაში, ასევე გვაქვს ქვეყნების ჩამონათვალი, საიდანაც შემომსვლელი შემოდის ნეგატიური “პისიარ” ტესტის პასუხით და საქართველოში მესამე დღეს ვალდებულია, ჩაიტაროს ტესტირება. ეს სია გადაიხედება ხოლმე, გამომდინარე იქიდან, რომ სხვადასხვა ეპიდვითარებაა, ასევე იმ ამოცანებიდან გამომდინარე, რაც ჩვენი ტურისტული ინდუსტრიის წინაშეა, ჩვენი ამოცანაა, ტურისტულ ინდუსტრიას ჟანგბადი ჩავასუნთქოთ და ნელ- ნელა ამოქოქვა დაიწყოს”,- განაცხადა თურნავამ.