15 ივნისს აჭარა ტურისტულ სეზონს ხსნის. როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით უკვე 1-ლი ივნისიდან იხსნება სახმელეთო საზღვრები, რაც საშუალებას იძლევა, რომ რეგიონში ტურიზმის სწრაფი აღდგენა მოხდეს.
“ამიტომ ყველა შესაბამის უწყებას მინდა ვთხოვო, რომ მაქსიმალურად მოხდეს ტურისტული სეზონისთვის მომზადება, იქნება ეს ტურისტული ატრაქციები თუ ზოგადად ქალაქის ინფრასტრუქტურა. ახლა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ქალაქის მომზადება იმ მზარდი ნაკადებისთვის, რომელიც ჩვენ აუცილებლად გვექნება მიმდინარე სეზონზე. ასევე მინდა ვთხოვო ტურიზმის დეპარტამენტს და ყველა სხვა უწყებას რომ უკვე ოფიციალურად მოვახდინოთ სეზონის გახსნა 15 ივნისისთვის და ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს მაქსიმალური სიფრთხილით, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების გათვალისწინებით, რათა ეკონომიკასთან ერთად შევინარჩუნოთ სტაბილური ეპიდვითარება” – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით აღდგენის პროცესშია საჰაერო ფრენები განახლებულ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში – “გაიზარდა ნაკადები ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. გასული თვის მონაცემებით 60% -ით არის აღდგენილი ნაკადები და 60-ზე მეტი რეისი სრულდება ყოველკვირეულად რაც არის ძალიან პოზიტიური დინამიკა”.
აჭარაში აქტიურად მიმდინარეობს ტურისტული ინფრასტრუქტურისა და პროდუქტების განვითარების კუთხით პროექტები და როგორც მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ახალი ტურისტული ატრაქციები იქმნება არა მხოლოდ ბათუმში, არამედ ყველა მუნიციპალიტეტში.