ყაზახური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია FlyArystan-ი ქუთაისის მიმართულებით ყაზახეთის კიდევ ერთი ქალაქიდან იფრენს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, 14 ივლისიდან FlyArystan-ი შიმქენთი-ქუთაისი-შიმქენთის საჰაერო ხაზზე იწყებს ოპერირებას. ფრენები კვირაში 2 სიხშირით შესრულდება, რომელსაც FlyArystan-ი Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდებით განახორციელებს. ბილეთის ღირებულება (ერთი გზა) 29,999 ტენგეა.
FlyArystan-ი დღეისათვის ქუთაისის მიმართულებით ფრენებს უკვე ასრულებს ატირაუდან, აქტაუდან და ნურსულთანიდან.
FlyArystan პირველი ყაზახური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, რომელიც 2018 წელს დაარსდა და AIR ASTANA-ს შვილობილ კომპანიას წარმოადგენს. ოპერირებას ავიაკომპანია ძირითადად AIRBUS A320 ტიპის საჰაერო ხომალდებით ახდენს.
შეგახსენებთ, 1-ლი მარტიდან საჰაერო გზით ყაზახეთიდან საქართველოში შემოსვლის პროცედურები გამარტივდა. ყაზახეთის მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის კვეთა PCR ტესტის ნეგატიური პასუხით შეუძლიათ. ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც საზღვრის კვეთისას წარმოადგენს ნებისმიერი კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების (ორი დოზა) დამადასტურებელ დოკუმენტს, შეეძლება საქართველოში საჰაერო გზით, ნებისმიერი ქვეყნიდან შემოსვლა. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, ყაზახეთში შესასვლელად უნდა ჰქონდეთ PCR ნეგატიური ტესტი, მათ შორის ვაქცინირებულ მოქალაქეებსაც.