12 ნოემბერი საჰაერო მოძრაობის უსაფრთხოების ტექნიკური პერსონალის საერთაშორისო დღეა.
როგორც საქაერონავიგავიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ინჟინერ-ტექნიკოსებს პროფესიული დღე საქაერონავიგაციის გენერალურმა დირექტორმა გოჩა მეზვრიშვილმა მიულოცა.
„თქვენ ყოველდღიური მუშაობით არა მხოლოდ იცავთ მგზავრების და საჰაერო ხომალდების ეკიპაჟების სიცოცხლეს, არამედ აუმჯობესებთ საავიაციო ინდუსტრიის სტანდარტებს, რაც ცას ყველასთვის უფრო უსაფრთხოს და საიმედოს ხდის. ყველა პროექტი, რომელსაც ახორციელებთ, ყველა გამოწვევა, რომელსაც ყოველდღიურ მუშაობაში აწყდებით და ყველა წარმატება, რომელსაც მიაღწევთ, აძლიერებს ჩვენს კომპანიას და უზრუნველყოფს საქართველოს ცის უსაფრთხოებას“, – აცხადებს გოჩა მეზვრიშვილი.
საჰაერო მოძრაობის უსაფრთხოების ტექნიკოსები გადამწყვეტ როლს ასრულებენ რთული სისტემებისა და ტექნოლოგიების დანერგვასა და შენარჩუნებაში, რომელზეც საჰაერო მოძრაობის ეფექტურობა და უსაფრთხოებაა დამოკიდებული. საქაერონავიგაციის ტექნიკური კომპლექსი პასუხისმგებელია დაკვირვების, ნავიგაციის და კომუნიკაციის სისტემების გამართულ მუშაობაზე, მათ ინსტალაციაზე და უწყვეტ ოპერირებაზე. ეს მოიცავს სარადარო სისტემებს, სანავიგაციო დამხმარე საშუალებებს, საკომუნიკაციო აღჭურვილობას, ამინდის მონიტორინგის სისტემებს და სხვა სასიცოცხლო ტექნოლოგიებს, რომლებიც მფრინავებს და საჰაერო მოძრაობის მეთვალყურეებს თვთმფრინავების უსაფრთხოდ და შეუფერხებლად მართვის საშაულებას აძლევს.