გამოცემა BBC-ის ინფორმაციით, განახლდება ავიაკომპანია Malaysia Airlines-ის თვითმფრინავის (MH370) ნამსხვრევების ძებნა, რომელიც ათი წლის წინ, 2014 წელს, კუალა-ლუმპურიდან პეკინში მიმავალ გზაზე გაუჩინარდა.
მალაიზიის ხელისუფლების ცნობით, სამძებრო სამუშაოები 30 დეკემბერს განახლდება. გადაწყვეტილება მიღებულია მიმდინარე წლის მარტში დაწყებული ოპერაციის გაგრძელების მიზნით, რომელიც მაშინ არახელსაყრელი ამინდის გამო შეწყდა.
ძებნის ახალი ეტაპი გათვლილია 55 დღეზე. სამუშაოების ზუსტი ადგილმდებარეობა ჯერჯერობით არ ხმაურდება.
ქვეყნის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებით, „ბოლო მოვლენები ხაზს უსვამს მალაიზიის მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს დაღუპულთა ოჯახებს და გამოძიება ბოლომდე მიიყვანოს“.
შეგახსენებთ, რომ Boeing 777 გაუჩინარდა 2014 წლის 8 მარტს, აფრენიდან დაახლოებით ერთი საათის შემდეგ. მის ბორტზე 239 ადამიანი იმყოფებოდა – 227 მგზავრი და 12 ეკიპაჟის წევრი.
თვითმფრინავი მოულოდნელად გადაუხვია კურსიდან და კავშირზე აღარ გამოვიდა. მისი გაუჩინარება სამოქალაქო ავიაციის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ ტრაგედიად იქცა.
მასშტაბურ ძებნაში 26 ქვეყნის დაახლოებით 60 გემი და 50 თვითმფრინავი მონაწილეობდა.
2015 წლის ივლისში, ინდოეთის ოკეანეში, კუნძულ რეუნიონზე, თვითმფრინავის პირველი დადასტურებული ფრაგმენტები აღმოაჩინეს. მიუხედავად ამისა, 2017 წელს დასრულებულმა ძებნამ და 2018 წლის განმეორებითმა ოპერაციამ შედეგი არ გამოიღო.
როგორც 2018 წელს, სამუშაოებს ამჯერადაც კომპანია Ocean Infinity შეასრულებს. კონტრაქტი ითვალისწინებს $70 მილიონის გადახდას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნამსხვრევები აღმოჩენილი იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია ჯილდოს არ მიიღებს.
2018 წლის გამოძიებამ მიუთითა, რომ თვითმფრინავის კურსიდან გადახვევა, სავარაუდოდ, განზრახ მოხდა. ვარაუდობენ, რომ Boeing შესაძლოა მალაიზიისა და ტაილანდის რადარებს შორის არსებულ ზონაში იქნა მიმართული, სადაც მისი „დაკარგვა“ უფრო ადვილი იყო.
ძირითადი ნამსხვრევების არარსებობის გამო, ტრაგედიის ირგვლივ უამრავი ვერსია გავრცელდა – ეკიპაჟის შეცდომიდან დაწყებული, განზრახ ქმედებებამდე დამთავრებული. ოფიციალური საბოლოო პასუხი მხოლოდ თვითმფრინავის აღმოჩენის შემდეგ გახდება შესაძლებელი.












