თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ 2019 წელს “სტამბოლის არხის“ მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდება. „სტამბოლი“ ერთმანეთთან დააკავშირებს შავ და მარმარილოს ზღვებს და ბოსფორის სრუტის პარალელურად გაივლის.
ერდოღანმა გაიხსენა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მისმა მთავრობამ ქვეყანაში უმსხვილესი პროექტების განხორციელების შესახებ განაცხადა. პრეზიდენტის განმარტებით, რამდენიმე დღეში ხელისუფლება საზოგადოებას საკუთარ გეგმებს გააცნობს, რომლის მთავარი და მნიშვნელოვანი პროექტი სწორედ, რომ არხი „სტამბოლი“ იქნება.
როგორც ირკვევა „სტამბოლის“ წინასწარი ღირებულება 10 მლრდ დოლარი იქნება, ხოლო სამუშაოები 2023 წლისთვის, ანუ თურქეთის რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავისთვის უნდა დასრულდეს.
პროექტის მიხედვით, “სტამბოლის არხი” ბოსფორის სრუტის მსგავსად ქალაქ სტამბოლს შუაზე გაყოფს და სტამბოლის ნაწილი “სტამბოლის არხსა” და ბოსფორის სრუტეს შორის კუნძულის სახით დარჩება.
თავად ქალაქი სტამბოლი სამ რეგიონად დაიყოფა – ერთი აზიური და დანარჩენი ევროპის ნაწილი. ცენტრალური ნაწილი, რომელშიც მდებარეობს ქალაქის ისტორიული რაიონი „სულთანახმედი“ და საქმიანი უბნები რეალურად გადაიქცევა კუნძულად.
სამომავლოდ ახალი არხის გამოყენება მოხდება როგორც საკრუიზო ასევე სატვირთო გემების მიერ. ამავე არხით იგეგმება ასევე საშიში ნივთიერებით დატვირთული გემების გატარებაც.
პროექტის ფარგლებში მარმარილოს ზღვაში დაგეგმილია ხელოვნური კუნძულების გაშენებაც.
შეგახსენებთ, რომ პროექტი პირველად 2011 წელს ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დაანონსა.
წინასწარი გათვლებით გეგმის არხი დღეში 160 გემის გატარებას შეძლებს.
დღეისათვის ბოსფორის არხით წელწადში 53 ათასი გემის გატარებაა შესაძლებელი.