მართალია, ბარგის ჩალაგება ყველაფერ მხოლოდ სასიამოვნოსთან ასოცირდება, მაგრამ ხშირად, რეალობა ჩახლართული ფაზლის აწყობას უფრო ჰგავს. საკმარისია, ერთი ან ორი მნიშვნელოვანი ნივთი დაგვრჩეს, რომ შესაძლოა  მნიშვნელოვანი დისკომფორტი შეგვექმნას, ძვირფასი დრო დავკარგოთ ან გაუთვალისწინებელი ხარჯი გავწიოთ. მართალია, დრამატულად ჟღერს, და უამრავი ნივთია, რაც არამც თუ არ დაგვაკლდება, გვამძიმებს კიდეც, თუმცა ქვემოთ ჩამოთვლილი ნივთები იმ აუცილებელ საგნებს შორისაა, რისი არარსებობითაც მხოლოდ უსიამოვნებას შევიქმნით. ამიტომ, მეც ხშირად გადავხედავ ხოლმე ამ სიას, და საკუთარ თავს ვიწვევ, რომ იქნებ ამ ჯერზე არც ერთი გამომრჩეს:

კომფორტისთვის

  • საწვიმარი – თუნდაც დასაკეცი, თხელი მატერიის, რადგან როდესაც გაწვიმდება, მაშინ გვიანაა, ქუჩაში გასაყიდად გამოტანილი საწვიმრებს სამმაგ ფასად თუ შევიძენთ.
  • კომფორტული ფეხსაცმელი – წასვლამდე ფეხსაცმლით ბევრი იარეთ, რომ დარწმუნდეთ, ყოველდღიურად სასიარულო ფეხსაცმელი ნამდვილად კომფორტულია. ფეხზე ნახეთქებით სიარული მტკინვეული გამოცდილებაა, რაც არასწორად შერჩეულ ფეხსაცმელს პირველსავე დღეს შეუძლია მოგვიტანოს.
  • საშინაო ტანსაცმელი – შთაბეჭდილებებით შეკრულ სუნთქვას, ამოსუნთქვა უნდა, რისთვისაც დღის მანძილზე ყველას საკუთარი ტემპისა და გემოვნების შესაბამისი დრო და გარემო სჭირდება, დასასვენებლად კომფორტი – ყველას თანაბრად. ამისთვის კომფორტული ტანსაცმელი, იქება ეს სპორტული თუ სხვა რამ, დაგვეხმარება მოვდუნდეთ და ძალები მოვიკრიბოთ.
  • სანდალი – ეს ნივთი გადამწყვეტია ჰიგიენის თვალსაზრისით, მით უფრო თუ ჰოსტელში გაჩერდებით, სადაც საერთო აბაზანით სარგებლობთ, ან თუ საცურაო აუზზე მოინდომებთ დასვენებას.
  • სამგზავრო ნაკრები – ამ ნაკრებში რამდენიმე ძირითადი ნივთი შედის: კანის დამატენიანებელი (რადგან ფრენა საგრძნობლად გვიშრობს კანს), ხელის სანიტაიზერი (ხალხმრავლობაში მისი ქონა გადამწყვეტია), საძილე ნიღაბი, გასაბერი ბალიში და ყურის საცობები – კომფორტულად გამოსაძინებლად.

უსაფრთხოებისთვის

  • დოკუმენტები – რა თქმა უნდა არ უნდა ივარაუდოთ, რომ საფულეს მოგპარავენ ან რაიმე მნიშვნელოვანს დაკარგავთ, მაგრამ სიფრთხილისთვის პასპორტის, საკრედიტო ბარათის, მართვის მოწმობის და სხვა აუცილებელი მნიშვნელოვანი საბუთების ასლის გადაღება, ნამდვილად ჭკვიანურია.
  • დაზღვევა- ალბათ, დღესდღეობით ვერც წარმოიდგენთ, ვინმემ სამოგზაურო დაზღვევის გარეშე მოგზაურობდეს, მაგრამ მაინც, მისი პოლისის ასლის პასპორტთან ერთად ტარება, წინდახედული ნაბიჯია. გარდა ამისა, ძირითადი პირველადი დახმარების ნაკრების ქონას გირჩევდით, სადაც დამამშვიდებელს თუ ალერგიის, ტკივილის, წნევის საწინააღმდეგო მედიკამენტებს მოათავსებთ, ამგვარად, შეიძლება გზად სხვა ადამიანსაც დაეხმაროთ.

ფულის დასაზოგად:

  • ხშირად, სასტუმროში/ჰოსტელში მობილურს ვტენით, და ასევე ვტოვებთ შეერთებულს. ეს მით უმეტეს პრობლემურია თუ ერთი ქალაქიდან მეორეში მოგზაურობთ და ღამის გასათევ ადგილს ხშირად იცვლით. მისი შემცვლელის ძებნაში უამრავი დრო იხარჯება და დამატებითი ხარჯი იზრდება, მობილურის გარეშე გადაადგილება კი ძირითადად უამრავ პრობლემას წარმოშობს, თუნდაც გზის გაგნების. ამიტომ, სჯობს წინასწარ შეიძინოთ ე.წ. „ფაუერ ბენკი“, რომელიც ნამდვილად დაგეხმარებათ, რომ თქვენი ტელეფონი სულ ჩართული იყოს.
  • დასაკეცი ბოთლი – ერთჯერადად შეიძენთ და წარმოუდგენელ საქმეს გაგიწევთ. მას ნებისმიერი ფორმის მიღება შეუძლია, არც უსაფრთხოების კონტროლის გავლისას ხვდებათ აეროპორტის თანამშრომლებს ზედმეტად თვალში, და რაც მთავარია, იმ ქვეყნებში, სადაც ონკანის წყლის დალევა დაშვებულია, მუდამ თქვენს სამსახურში იქნება, რომ საკმარისი რაოდენობის სითხე მიიღოთ.
  • წასახემსებელი – დამღლელი მგზავრობის შემდეგ ყოველთვის არ ვართ განწყობაზე, გარშემო საკვები ობიექტი ვეძებოთ. მით უმეტეს, აეროპორტებში ან სადგურის მიმდებარე ადგილებში ყველაფრის ფასი ათმაგი თუ არა, სამმაგი მაინც არის. ხშირად არც ისე გემრიელ საკვებში დიდ თანხას ვიხდით, და ისიც მხოლოდ დასანაყრებლად. საუკეთესო გამოსავალია, სახლში მომზადებული სენდვიჩი, სუპერმარკეტში ნაყიდი სნეკი ან საუკეთესო ვარიანტში, ვიტამინებით სავსე ხილის ზურგჩანთაში ჩალაგება. შესაბამისად, ჯანმრთელობას და ჯიბეს ერთდროულად მოვუფრთხილდებით.

გამოწვევა მიღებულია და იმედი მაქვს შემდეგი თავგადასავლის დროს, თითოეული ჩამოთვლილი ნივთი თქვენთან ერთად იმოგზაურებს.

ავტორი: დაზღვევის ბლოგი