2026 წლის 1 მარტიდან ეგვიპტის ტურისტული ვიზის ღირებულება 25 დოლარიდან 30 დოლარამდე იზრდება. აღნიშნული ინფორმაცია ტუროპერატორებმა მიიღეს პარტნიორი კომპანიებისა და ეგვიპტის ტურისტული სააგენტოების ასოციაციისგან. ფასის მატება შეეხება იმ მოგზაურებს, რომლებიც ქვეყანაში ჰურგადას, კაიროს, ალექსანდრიისა და სხვა საერთაშორისო აეროპორტების გავლით შედიან.
ტექნიკურად, აეროპორტებში მგზავრებს პასპორტში ჩაუკრავენ ორ სავიზო მარკას: ერთს 25-დოლარიანს და მეორეს 5-დოლარიანს, რაც ჯამში ახალ ტარიფს შეადგენს. 28 თებერვლის ჩათვლით ვიზის მიღება კვლავ ძველი ფასით იქნება შესაძლებელი. ვიზის გაფორმება ასევე შესაძლებელია წინასწარ, საკონსულოებში ან ელექტრონული პლატფორმის (visa2egypt.gov.eg) საშუალებით.
აღსანიშნავია, რომ ცვლილება არ ეხება ე.წ. „სინაის შტამპს“. მოგზაურები, რომლებიც პირდაპირი რეისებით სამხრეთ სინაის კურორტებზე (შარმ-ელ-შეიხი, დაჰაბი, ტაბა, ნუვეიბა) ჩადიან, კვლავ შეძლებენ უფასო 15-დღიანი ბეჭდის მიღებას, რომელიც მათ მხოლოდ აღნიშნულ რეგიონში გადაადგილების უფლებას აძლევს. ქვეყანაში შესვლისას პასპორტის მოქმედების ვადა მინიმუმ ექვსი თვე უნდა იყოს.












