1-ელი თებერვლიდან საქართველო რეგულარულ ფრენებზე დაწესებულ შეზღუდვებს ხსნის. აღნიშნულის შესახებ განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საკორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გააკეთა.
მინისტრის თქმით, არსებული NOTAM-ი იანვრის თვის ბოლომდე მოქმედებს და მისი გაგრძელება აღარ იგეგმება.
ნათია თურნავას განმარტებით, საქართველოს რეგულარულ ფრენებზე დაწესებულ შეზღუდვებს ხსნის და ამიერიდან თავად ავიაბიზნესი განსაზღვრავს როგორ და რა სიხშირეებით დაიწყებენ ოპერირებას.
ავიაკომპანიები ფრენების განხორციელებას მხოლოდ ყველა არსებული სამედიცინო პროტოკოლისა და უსაფრთხოების წესების დაცვით შეძლებენ.
„მსოფლიოში ბევრი ავიაკომპანია ამას ისედაც ახორციელებს. ამდენად, ჩვენ ვხედავთ, რომ გადაწყვეტილება რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვის მოხსნის შესახებ დამატებითი საფრთხის მომტანი არ იქნება. ჩვენ მომავალ კვირას ჩამოვყალიბდებით, თუ როგორ შევამსუბუქოთ ქვეყანაში შემოსვლის რეჟიმი სხვადასხვა ქვეყნის ვიზიტორებისთვის, რადგან ეს ორი გარემოება ურთიერთკავშირშია,” – განაცხადა ნათია თურნავამ.
მინისტრი ამბობს, რომ საქართველო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ მსოფლიოში თანდათან ტემპს იკრებს ვაქცინაცია, მათ შორისაა ისეთი ქვეყნები, რომლებიც საქართველოსთან ტურისტულად განსაკუთრებით მიმზიდველია.
“მაგალითად, ისრაელი, სპარსეთის ყურის ქვეყნები და რა თქმა უნდა, ევროკავშირის სახელმწიფოები. აქედან გამომდინარე, ველით, რომ უახლოეს პერიოდში გაზაფხულის სეზონზე ჩვენ შევძლებთ, ყველა წესის დაცვით, უსაფრთხოდ ვუმასპინძლოთ ტურისტებს უფრო დიდი რაოდენობით,” – განაცხადა მინისტრმა.
ასევე ვმსჯელობთ, როგორ შევამსუბუქოთ უცხო ქვეყნიდან ჩვენს ქვეყანაში შემომსვლელი ვიზიტორების დაწესებული რეჟიმი”, განაცხადა თურნავამ.