უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობის გამოცხადების გამო საჰაერო გადაადგილებას პრობლემები არ შეექმნება. როგორც უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების ​FlyUIA-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, 26 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა რადამ საომარი მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა. კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნული დოკუმენტი ქვეყნის ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებლად შეზღუდვებს არ აწესებს. შესაბამისად, საჰაერო მიმოსვლა უკრაინაში და მის ფარგლებს გარეთ განხორციელდება ჩვეულ რეჟიმში და ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, საომარი მდგომარეობა უკრაინის 10 ოლქში იმოქმედებს. საუბარია რუსეთის, მოლდოვის საზღვრების გასწვრივ, ასევე შავი და აზოვის ზღვების პირას მდებარე ოლქებზე.

საომარი მდგომარეობა 28 ნოემბრის 09:00 საათიდან ამოქმედდება და 30 დღეს, 27 დეკემბრამდე გაგრძელდება.