სტამბოლის ახალი აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით პირველი ავიარეისი შესრულდება. ავიაკომპანია Turkish Airlines-ი (THY) აეროპორტ “სტამბოლიდან” (ISL) რეისს ადგილობრივი დროით 21:35 საათზე განახორციელებს, ხოლო თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში (TBS), 11 იანვარს, ადგილობრივი დროით 00:55 საათზე დაეშვება.

შესაბამისად, თბილისიდან აეროპორტ “სტამბოლის” მიმართულებით პირველი ფრენა 11 იანვრის 07:15 საათზე განხორციელდება და ხომალდი დანიშნულების ადგილზე 09:00 საათზე იქნება. ავიაკომპანია Turkish Airlines-ი აღნიშნულ მარშრუტზე ფრენებს Airbus A321-ით განახორციელებს.
რაც შეეხება რეისებს “სტამბოლიდან” ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით, ჯერჯერობით ზუსტი თარიღი ცნობილი არ არის და ამიტომ აღნიშნულ მარშრუტზე Turkish Airlines-ი ოპერირებას ისევ სტამბოლის ათათურქის (IST) სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან განახორციელებს.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 31 მარტამდე სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ყველა ავიარეისი სტამბოლის ახალ აეროპორტში “სტამბოლი” უნდა გადამისამართდეს.
Turkish Airlines-მა “სტამბოლიდან” რამდენიმე საერთაშორისო რეისის განხორციელება 2018 წლის ნოემბრიდან დაიწყო და ეტაპობრივად ყველა რეისის ახალ აეროპორტში გადატანის ვალდებულება აიღო.