ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. სამშენებლო სამუშაოები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილმა და ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმ ივანე ლეკიშვილმა დაათვალიერეს. ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია პროექტით გათვალისწინებული რკინა-ბეტონის კონსტრუქციის მოწყობის სამუშაოები. დამონტაჟებულია ლითონკონსტრუქციის კოლონები და რიგელების ნაწილი.
ახალი ტერმინალის შენობის ცენტრალურ უბანზე მიმდინარეობს ლითონის კონსტრუქციების მონტაჟი ე.წ. ანტრესოლის მოსაწყობად, სადაც საოფისე და სხვადასხვა დანიშნულების სამუშაო ოთახები უნდა განთავსდეს.
ახალი ტერმინალის მთლიანი ფართობი 24 176 კვადრატულ მეტრს შეადგენს, რაც ნიშნავს, რომ განახლებული ტერმინალი, არსებულთან შედარებით, დაახლოებით სამჯერ უფრო დიდი იქნება. სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „ანაგი“ ახორციელებს. მშენებლობაზე ამ ეტაპზე 105 ადამიანია დასაქმებული.