ქუთაისის აეროპორტის გაფართოების სამუშაოები ახალ ფაზაზე გადადის.

აეროპორტის ახალი ტერმინალის მწვანე სახურავის, ვიტრაჟების და ფასადის მოპირკეთებისთვის ახალი 16.9 მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა.

გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები 24 კვირაში სრულად უნდა დაასრულოს. მათ შორის,  18 კვირაში უნდა დაასრულოს მთლიანი შენობის გადახურვის სამუშაოები (დასაშვებია, არ შედიოდეს მაგ. მწვანე სახურავის ბოლომდე დასრულება) იმგვარად, რომ შემსყიდველმა შეძლოს შენობაში სხვა სამუშაოების (მ/შ შიდა მოპირკეთება, სუსტი დენები, MEP და სხვ.) შეუფერხებლად წარმოება მთელი შენობის ტერიტორიაზე.

ქუთაისის აეროპორტის გაფართოების შემდეგ იქნება 2 დარბაზი.  1 ძირითადი დარბაზი – განკუთვნილია მგზავრების მიღებისთვის, რეგისტრაციისთვის და მე-2 იქნება ჩამოფრენის  დარბაზი.

ცენტრალურ ნაწილში მოხდება 4 სართულის-მეზანინის დაგეგმარება, ჩამოფრენის დარბაზში ასევე მოეწყობა ანტრესოლი/მეზანინი საოფისე სივრცეებისთვის. სარდაფი სართული ძირითადად განკუთვნილია საბარგო ოპერირებისთვის, აქ ასევე განთავსდება საინჟინრო დანადგარებისთვის საჭირო ოთახები/სივრცეები, საწყობები, სასადილო და სან-კვანძები საშხაპეებით თანამშრომლებისთვის.

აეროპორტში იქნება კაფე-რესტორანი და „ლაუნჯი“, საიდანაც მგზავრებს შესაძლებლობა ექნებათ გავიდნენ სახურავზე მოწყობილ ამფითეატრულ ტერასაზე.

აეროპორტის   ახალი ტერმინალის კარკასის მშენებლობას 26.4 მილიონიანი კონტრაქტის ფარგლებში კომპანია „ანაგი“ ახორციელებს.

წყარო: GBC