საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციაში (ICAO), საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა მოეწყო.

ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა კანადაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა და საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ICAO-ში,   კონსტანტინე ქავთარაძემ. თავის სიტყვაში მუდმივმა წარმომადგენელმა ისაუბრა საქართველოს ისტორიაზე, 1918 წელს დემოკრატიული რესპუბლიკის დაფუძნებასა და დამოუკიდებლობის პირველ წლებზე.

ასევე, ღონისძიების ფარგლებში, კონსტანტინე ქავთარაძემ  მიმოიხილა საქართველოში საავიაციო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით განხორციელებული რეფორმები. ელჩმა აღნიშნა, რომ საქართველო რეგიონში ყალიბდება ეკონომიკურ, ფინანსურ, ენერგეტიკულ და სატრანსპორტო ჰაბად, მათ შორის, საჰაერო გადაზიდვებისა და მომსახურების სფეროში. საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ყურადღება გაამახვილა ქართველ ავიატორებზე, რომლებმაც 1918-21 წლებში საფუძველი ჩაუყარეს ქართულ სამხედრო ავიაციას.

აღსანიშნავია, რომ ICAO-ს გლობალური უსაფრთხოების სტანდარტების მიხედვით, საქართველოს საერთო მაჩვენებელი 2016 წლის შემდეგ მკვეთრად გაუმჯობესდა. პირველად საქართველოს ავიაციის ისტორიაში, ICAO-ს წევრი სახელმწიფოების მსოფლიო რეიტინგში საქართველომ 106-ე ადგილიდან 30-ე ადგილზე გადაინაცვლა.

მისასალმებელი სიტყვის შემდეგ, საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა საზეიმოდ გახსნა  საქართველოს პირველი რესპუბლიკისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა.

ღონისძიებას ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტი ოლუმუივა ბენარდ ალიუ, ორგანიზაციის ვიცე პრეზიდენტები  და ICAO-ში  სხადასხვა ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოსადმი მიძღვნილი ამგვარი ღონისძიება ICAO-ში პირველად გაიმართა.