იანვარ-აგვისტოში საქართველოდან განხორციელებული ექსპორტის 6.7%-ი ქვეყნიდან საჰაერო ტრანსპორტით გავიდა. „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, მთლიანი ექსპორტის ყველაზე დიდი ნაწილი (პროცენტულად) საქართველოდან საზღვაო გზით გადაიზიდება. 8 თვეში საქართველოდან გატანილი პროდუქციის 45%-ი სწორედ საზღვაო ტრანსპორტზე მოდის.

ექსპორტირებული პროდუქციის 43.9%-ი საავტომობილო ტრანსპორტით გადაიზიდა, ხოლო სარკინიგზო ტრანსპორტით 3.5%-ი. სტატისტიკური არსებული მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ  დღეისათვის საქართველოდან განხორციელებული ექსპორტის მთლიან მაჩვენებელში საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდული ტვირთების მოცულობა უფრო მეტია, ვიდრე სარკინიგზო ტრანსპორტით.

ექსპორტის მხოლოდ 0.9%-ი გადაიზიდება ტრანსპორტის სხვა სახეობებით.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 100.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 22.6 პროცენტით აღემატება; აქედან ექსპორტი 2 146.4 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (27.1 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 5 954.3 მლნ. აშშ დოლარს (21.0 პროცენტით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წლის იანვარაგვისტოში 3 807.9 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 47.0 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში ექსპორტი რეექსპორტის გარეშე 1 508.1 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა, რაც 13.5 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.