უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები (FlyUIA) კიევიდან თბილისის მიმართულებით სიხშირეებს ზრდის. ავიაკომპანიის საქართველოს წარმომადგენლობაში განმარტავენ, რომ ზამთრის სანავიგაციო პერიოდში Fly UIA უკვე დამტკიცებულ სიხშირეებს 15-მდე ზრდის.

დღეისათვის ავიაკომპანია კიევი-თბილისის მიმართულებაზე კვირაში 12 სიხშირით დაფრინავდა და არსებულს კიდევ 3 სიხშირე დაემატება.

დამატებითი რეისები კიევიდან ყოველ ორშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს განხორციელდება, ხოლო თბილისიდან კიევის მიმართულებით ყოველ სამშაბათს, პარასკევსა და კვირას.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს საიტზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ამ დროისათვის თბილისსა და კიევს შორის ავიაკომპანიების 22 სიხშირით დაფრინავენ. აღნიშნულ საჰაერო ხაზზე ოპერირებენ ქართული ავიაკომპანიები: Myway Airlines-ი და Georgian Airways-ი და ასევე უკრაინის ეროვნული ავიაგადამზიდავი Fly UIA. აღნიშნულ მიმართულებაზე დეკემბრიდან ოპერირებას დაიწყებს ასევე უკრაინული „ლოუკოსტერი“ SkyUp-ი.