უპილოტო საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციაზე ზედამხედველობის გაუმჯობესება და ამ კუთხით საერთაშორისო თუ ეროვნულ დონეზე დაგეგმილი ინიციატივები განიხილეს კერძო და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა სააგენტოში გამართული სამუშაო ჯგუფის ფორმატში.

შეხვედრის ფარგლებში, სააგენტოს უპილოტო საჰაერო სისტემებისა და საერთო დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სტუმრებს არსებული საკანონმდებლო ჩარჩო გააცნეს და საერთაშორისო ვალდებულებებით გათვალისწინებული ახალი სტანდარტების დანერგვის აუცილებლობაზე ისაუბრეს.

როგორც სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრის მსვლელობისას აღინიშნა, ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტო (EASA) ახალი რეგულაციის დამტკიცებას გეგმავს. ამასთან, ICAO-ს მიერ, განხორციელდა და მომავალშიც იგეგმება გარკვეული ცვლილებების შეტანა ჩიკაგოს კონვენციის შესაბამის დანართებში. შედეგად, სააგენტოს წარმომადგენლების ინფორმაციით, ფართოვდება საავიაციო ხელისუფლებების უფლებამოსილების სფერო და დგინდება უნიფიცირებული სტანდარტები წევრი სახელმწიფოებისთვის, რაც ხელს შეუწყობს დრონებზე ზედამხედველობის მექანიზმების გაუმჯობესებას. აღნიშნულის გათვალისწინებით, არსებულ წესებში ცვლილებები სააგენტოს მხრიდან მომავალი წლის დასაწყისში იქნება ინიცირებული და სამუშაო ჯგუფს მიეწოდება განსახილველად.

გარდა მოქმედ რეგულაციაში ცვლილებების განხორციელებისა, სააგენტოს მიერ იგეგმება უპილოტო საჰაერო ხომალდების მონიტორინგის სისტემის და მასთან თავსებადი ელექტრონული რეგისტრაციის ფორმატის დანერგვა. როგორც სააგენტოს სპეციალისტებმა აღნიშნეს, ამ ეტაპზე კონსულტაციები მიმდინარეობს საერთაშორისო ბაზარზე ამ კუთხით მოქმედ წამყვან მომწოდებლებთან. პროცესების გამარტივების მიზნით, უკვე მომავალი წლიდან იგეგმება განაცხადების ელექტრონულად შევსებისა და ავტორიზაციის online მიღების სერვისის შეთავაზება მომხმარებლებისთვის. როგორც შეხვედრაზე გახდა ცნობილი, სააგენტო ასევე აწარმოებს მოლაპარაკებებს სადაზღვევო კომპანიებთან უპილოტო საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციით შექმნილი რისკების დაზღვევის საკითხებზე. შესაბამისი პროდუქტის შეთავაზებას პროვაიდერები სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, საერთაშორისო სპეციფიკის შესწავლის და არსებული ბაზრის ანალიზის შემდგომ გეგმავენ.

სამუშაო ჯგუფის შეხვედრის ფარგლებში, განხილულ იქნა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთგადამკვეთი საკითხები. მხარეებმა მოუსმინეს კერძო სექტორის წარმომადგენლებსაც, რომელთა მხრიდან ასევე წარმოდგენილ იქნა სხვადასხვა მწარმოებლის მიერ შემუშავებული მონიტორინგის სისტემები. ჯგუფის შემდეგი შეხვედრა თებერვალში იგეგმება.