სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს 2018 წლის საქმიანობის შედეგებს აქვეყნებს. სააგენტოს ინფორმაციით, 2018 წელს ქართულ ავიაბაზარზე 8 უცხური ავიაკომპანია  შემოვიდა და შედეგად არსებულ მარშრუტებს 31 ახალი მიმართულება დაემატა.

საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვები, სახიფათო ტვირთების გადაზიდვაზე ზედამხედველობა:

 განხორციელდა შემდეგი ავიაკომპანიების დაშვება საქართველოს საავიაციო ბაზარზე: Iran Air, Kuwait Airways, Jazeera Airways, Salam Air, Flynas, UVT Aero, TAROM Airlines, Skyup Airlines. უცხო სახელმწიფოს ავიაკომპანიის დაშვებასთან დაკავშირებით არსებულ საკანონმდებლო ჩარჩოსა და პროცედურებთან დაკავშირებით, დეპარტამენტმა კონსულტაციები გაუწია ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ავიაკომპანიას. განხილულ იქნა ავიაკომპანიებისა და მათი საჰაერო ხომალდების დოკუმენტაცია;

 2018 წლის განმავლობაში, საქართველოს მიმართულებით, ბაზარზე არსებული, ასევე ახალი ქართული და უცხოური ავიაკომპანიების მიერ, რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელება დაიწყო სულ 31 ახალი მიმართულებით;

 დამტკიცდა ავიაკომპანიების მიერ სააგენტოში წარმოდგენილი რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განრიგი – ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე და ზამთრის სანავიგაციო სეზონზე, რის შემდეგაც შემუშავდა რეგულარული ფრენების განრიგი. ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში, რეგულარული საჰაერო მიმოსვლის შესრულების უფლება მიენიჭა სულ 50 ქართულ და უცხოურ სამგზავრო და სატვირთო ავიაკომპანიას, ხოლო 2018-2019 წლის ზამთრის სანავიგაციო სეზონისათვის კი – 38 ქართულ და უცხოურ სამგზავრო და სატვირთო ავიაკომპანიას;

 განხორციელდა 1 ქართული ავიაკომპანიის – Myway Airlines-ის დანიშვნა, სულ 17 მიმართულებით;

 სულ გაიცა 2342 რეგულარული და არარეგულარული ფრენის ნებართვა;

 გადაყვანა-გადაზიდვების დეპარტამენტის მიერ სულ განხორციელდა 78 გეგმიური და არაგეგმიური ინსპექტირება;

 „საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვისას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის დახმარების აღმოჩენის შესახებ“ წესის შესაბამისად, ხორციელდებოდა საქართველოს აეროპორტების მონიტორინგი შშმ პირთა მომსახურებასთან და შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა/განახლებასთან დაკავშირებით (საქართველოს აეროპორტები დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობაშია), ამ კუთხით გაიზარდა ინსპექტირებების რაოდენობა;

 სახიფათო ტვირთების გადაზიდვებთან დაკავშირებით, შემოწმდნენ საქართველოში რეგისტრირებული საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის მფლობელები, საავიაციო სატვირთო ტერმინალები, საავიაციო სასწავლო დაწესებულებები, აეროპორტების ოპერატორები. ამასთან განხორციელდა საქართველოსა და უცხო სახელმწიფოს ავიაკომპანიების საჰაერო ხომალდების რეგულარული და არაგეგმიური შემოწმება ბაქანზე – სულ 8 ინსპექტირება;

 სააგენტოს დებულების შესაბამისად, ყოველთვიურად ხორციელდებოდა სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი. საჯარო ინფორმაცია მიეწოდა ყველა დაინტერესებულ პირს;

 გადაყვანა-გადაზიდვების დეპარტამენტმა განიხილა ქართული ავიაკომპანიების მიერ წარმოდგენილი 3 ახალი სახელმძღვანელო სახიფათო ტვირთების გადაზიდვებთან დაკავშირებით. ამასთან, ავიაკომპანიების მხრიდან შემოტანილ იქნა სახიფათო ტვირთებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის 22 ცვლილება. ყველა მათგანი დამტკიცდა სააგენტოს მიერ;

 სამოქალაქო საჰაერო ხომალდებით სახიფათო ტვირთების გადაზიდვის მიზნით, საქართველოსა და უცხო სახელმწიფოების საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტის სერტიფიკატის მფლობელებზე გაიცა 46 აკრძალვისგან „გათავისუფლება“;

 საავიაციო სამუშაოების განხორციელების უფლება მიენიჭა 1 ქართულ (სერვისეარი) და 3 უცხო ქვეყნის კომპანიას (QWEST, PECOTOX, Italian Remote Sensing);

 ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ მონაწილეობა მიიღო „საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ შემდეგი ორმხრივი მთავრობათაშორისი შეთანხმებების შემუშავებაში (შეთანხმებების პროექტების განხილვა, ანალიზი, ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირება) – ტაილანდი, ომანი, თურქმენეთი, საუდის არაბეთი, ისლანდია, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო. ამასთან, სააგენტოს მონაწილეობით გაიმართა მოლაპარაკებები საუდის არაბეთისა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს სამოქალაქო ავიაციის ხელისუფლებების წარმომადგენლებთან, გაფორმდა უწყებათაშორისი ურთიერთგაგების მემორანდუმები;

 ფრენის უნებართვოდ შესრულებისთვის (ერთეული შემთხვევები) დაჯარიმდა ორი უცხოური ავიაკომპანია, თითოეული 20 000 ლარით, შშმ პირის უფლების დარღვევისათვის ქართული ავიაკომპანია 2000 ლარით.